|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკა ბესელია: „ამნისტია ახალი პარლამენტის ღირსების საკითხია“

საქართველოს  პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი უმრავლესობით (80 ხმა) დაამტკიცა.  ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს საპატიმროებში არ დარჩება არც ერთი  პატიმარი, რომელსაც ეს ამნისტია რაღაც დოზით არ შეეხება.

„უმნიშვნელოვანესი კანონი მიიღო დღეს პარლამენტმა. ამნისტიის პროექტის წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.  დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ კანონით 4 წელი ვიამაყებთ. ეს დოკუმენტი გამორჩეულია აქამდე მიღებული ამნისტიისაგან იმით, რომ ამ დოკუმენტმა შეიძინა მართლაც ყველაზე მასშტაბური სახე. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ჩვენ უსამართლობის განცდას არ დავტოვებთ,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, პოლიტპატიმრები ამნისტიის კანონის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გათავისუფლდებიან.  რაც შეეხება დანარჩენ ბრლადებულებს, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, ისინი საპატიმროებს ორ თვეში დატოვებენ. ხოლო  180 მუხლით ბრალდებულებს, მათ შემთხვევში ამნისტიის აღსრულების ვადა გადაიწევს, რადგან ბესელიას თქმით, ეს სენსიტიური შემთხვევაა.

რაც შეეხება ამნისტირებული პირების რაოდენობას, დაახლოებით 3 000- მდე ადამიანი გათავისუფლდება. დაახლოებით 1 500-მდე პატიმარს სასჯელი გაუნახევდება. ხოლო ვისაც არც გათავისუფლება და არც სასჯელის განახევრება არ შეეხებათ, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ.

როგორც ბესელია ამბობს, ქვეყანას დაახლოებით  21 000 პატიმარი ჰყავს. აქედან დაახლოებით   16 000 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება.

ადამინის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ამნისტია არ ეხებათ მხოლოდ უვადო პატიმრობა მისჯილებს. თუმცა მისი თქმით, მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები  იმასთან დაკავშირებით, რომ  უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი იმ პირების განაჩენები გადაიხედოს, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან.   

ვიდრე პარლამენტი ამნისტიის პროექტს დაამტკიცებდა, დოკუმენტთან დაკავშირებით წინააღმდეგობა  იყო თავად უმრავლესობის შიგნით.

უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მიიჩნევდა, რომ  ამნისტიის პროექტი მკვლელობაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვნების გაუპატიურებაში, ტერორიზმში, ბავშვებით ვაჭრობასა და სხვა უმძიმეს მუხლებში  ბრალდებულებს არ უნდა შეხებოდათ.

„არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანურები. ჰუმანიზმი ადამიანურობას ნიშნავს.  მეც ადამიანი ვარ და ადამიანური პოზიციიდან წარმოუდგენლად მიმაჩნია მათთვის სასჯელის შემცირება. თუ ვინმე უკანონოდ ზის, თუ ვინმეს ვინმე არ მოუკლავს, გავათავისუფლოთ სათითაოდ, ვიდრე ერთი, ორი ან თუნდაც მრავალი საკამათო შემთხვევის გამო უმძიმესი დანაშულის ჩამდენ პირებს  სასჯელი შევუმციროთ,“ - ამბობს კობა დავითაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი არ ეთანხმებოდა კოლეგების  იმ ლოგიკას, რომლის მიხედვით, ამნისტია ყველა პატიმარს უნდა შეეხოს, რადგან ისინი სასჯელს წინა ხელისუფლების პირობებში იხდიდნენ.

„ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საერთოდ უნდა გავათავისუფლოთ  ყველა პატიმარი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აღმოიფხვრა  ეს პრაქტიკა. დღეს პატიმრების ღირსებასა და სიცოხლეს არაფერი ემუქრება. ამნისტია და ციხის განტვირთვა ზოგადად აუცილებელია. მაგრამ  ბავშვს რომ გააუპატიურებს და მერე ის ბავშვი მოკვდება, იმ კაცზე ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებაზე მე მხარს არ მივცემ. ეს არის ადამიანურობა,“ - ამბობს დავითაშვილი.

ამნისტიის მუხლები, რომლებზეც შეთანხმების მიღწევას დეპუტატები ცდილობენ,  მე-5, მე-8,  მე-11 და მე-16 მუხლებს შეეხება.  მე-5 მუხლის მიხედვით, ამნისტია გათვალისწინებულია  გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის (მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევა), რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მე-8 მუხლი ნარკოტიკების მომხმარებლებს შეეხება. მე-11 მუხლი ითალისწინებს თაღლითობაში  ბრალდებული პირების მიმართ ამნისტიას თუ დაზარალებული თანახმაა.  რაც შეეხება ბოლო მუხლს, მისი მიხედვით, საუბარია სასჯელის ერთიმეოთხედით განახევრებაზე. 

საბოლოოდ, კენჭისყრის დროს უმრავლესობამ ერთსულოვნება გამოიჩინა და პროექტი ერთხმად მიიღო.

ამნისტიის პროექტის მიღებაში არ მონაწილეობდა უმცირესობა. თუმცა მათი პოზიცია ხელისუფლების მიერ ჰუმანურ დოკუმენტად წოდებულ ამნისტიასთან დაკავშირებით  ცნობილია. უმცირესობა ამნისტიის შედეგად კრიმინალური ვითარების  დაძაბვაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

„ამნისტიის პროექტს  დიდი დებატები და სჯა-ბაასი ახლდა, მაგრამ  მიმაჩნია, რომ ეს არის  ახალი პარლამენტის  ღირსების საკითხი.  ახალი ხელისუფლება იღებს  პასუხსმგებლობას იმაზე, რომ   საზოგადოების უსაფრთხოება და ინტრესები  იყოს დაცული. ადამიანის  თავისუფლებაზე მეტი სიკეთის გაკეთება როცა შეგიძლია,  ამაზე დიდი  ბუნებრივია, არაფერი არის,“ - ამბობს ბესელია.  

ავტორი: ქროსტინა ქარჩხაძე