|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერიტეტის სტუდენტები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ითხოვენ

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის თბილისში გადატანას ეწინააღმდეგებიან. ამ მიზნით, სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა, საჯარო ლექცია მოაწყვეს.

საჯარო ლექციაზე, სადაც ჟურნალისტები და სტუდენტები იმყოფებოდნენ, პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ  ის თემები განიხილა, თუ რა პერსპექტივები აქვს ქუთაისის, როგორც  საპარლამენტო ქალაქად ქცევას. ასევე, რა შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის ქუთაისიდან, თბილისში გადატანას.

პროფესორ ჯულაყიძის განმარტებით, პარლამენტის გადატანის შემთხვევაში, ქუთაისს განვითარების პერსპექტივა წაერთმევა. ,,პარლამენტის ისევ თბილისში გადატანა, არ არის საერთო საზოგადოებრივი მოთხოვნა. აღნიშნული ინიციატივა, მხოლოდ უმცირესობის ნება–სურვილია. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი. რადგან არ შეიძლება, ერთი ადამიანის სურვილს გადავაყოლოთ ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიც ქვეყნის განვითარებაა“, – ამბობს ჯულაყიძე. მისივე თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის რეალური საჭიროება არ არსებობს. რადგან მათ ვისაც ქუთაისში პარლამენტის არსებობა არ მოსწონს,  საფუძვლიანი არგუმენტები არ გააჩნიათ. ,,რომელი არგუმენტია მყარი, ის რომ პარლამენტში რადიაციაა, თუ ის რომ თბილისიდან უჭირთ პარლამენტის წევრებს ჩამოსვლა?! ასეთი არგუმენტები სასაცილოა. რადგან მთავრობის წევრების 80% სულაც არ არის თბილისელი. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ, ზოგიერთის ფსიქოლოგიაში არსებობს ქვეტექსტი – არ გვინდა პროვინციაში ვიცხოვროთ. არადა, რუკას თუ კარგად შევხედავთ, საქართველოს ცენტრი სწორედ  ქუთაისია“, – ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

მისივე თქმით, სტუდენტობა მთავარი მამოძრავებელი ძალაა ნებისმიერ საზოგადოებრივ წყობაში. ამიტომ, ქუთაისის ახალგაზრდობამ დროა ხმა ამოიღოს. რადგან მათ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შემთხვევაში მომავლის წართმევის საფრთხე ექმნებათ.

პარლამენტის ქუთაისში დატოვების საჭიროებასა და აუცილებლობაზე სტუდენტებიც აქტიურად საუბრობენ. ,,პარლამენტის ქუთაისში არსებობით, ქალაქი განვითარდება. შესაბამისად, მე როგორც სტუდენტს, არ მომიწევს ცხოვრების მოწყობისთვის სადმე სხვაგან წასვლაზე ფიქრი“,– ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი  გიგა გელხვია.

სტუდენტების ნაწილს მიიჩნია, რომ პარლამენტის ქუთაისში დატოვება, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მომგებიანი ინიციატივაა. ,,ქუთაისში პარლამენტის არსებობა მხოლოდ ქუთაისისთვის არაა სასარგებლო. რადგან აუცილებელია თბილისის გარდა, საქართველოში სხვა განვითარებული ქალაქიც იყოს“, – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი თინათინ მილორავა.

ავტორი: ანა ჯანაშია