|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოსდამცველების განცხადებით „ჰერკულესმა“ იცრუა

ქუთაისში მოქმედი მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის  განხილვა  მომავალი წლის 7 თებერვლამდე გადაიდო. გარემოსდამცველთა პროტესტამდე კი დოკუმენტის  განხილვა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იგეგმებოდა.

ქართულ–ინდური ინვესტიციით გახსნილი,  შპს „ევრაზიან სტილსის“  კუთვნილი  საწარმო „ჰერკულესი“ ქუთაისში უკვე 4 წელი ფუნქციონირებს. თუმცა გარემოს დამცველთა  განცხადებით, საწარმო ამ დრომდე კანონმდებლობის უხეში დარღვევით ფუნქციონირებდა და საქმიანობის ნებართვის მოპოვებას ამ ეტაპზე ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ დარბაზის წევრის  თემურ კეპულაძის თქმით, მიმდინარე წლის 31დეკემბერს  შეუძლებელი იყო დოკუმენტის განხილვაზე ვინმე მისულიყო, რადგან  როგორც გარემოსდამცველი ამბობს, ამ დღეს ყველა ახალი წლის შესახვედრად ემზადება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში დოკუმენტის განხილვის ადგილად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა იყო მითითებული. თუმცა როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, საწარმოს ხელმძღვანელობას საკითხი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან არ შეუთანხმებია.

სასწავლებლის  ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინგა ბოჭორიძის თქმით, „ჰერკულესის“ წარმომადგენლები  ჯერ  მას დაუკავშირდნენ და გარემოზე ზემოქმედების კუთხით დოკუმენტის შემუშავებაში დახმარება სთხოვეს.  
ხოლო შემდეგ სასწავლებელში გამზადებული დოკუმენტი მიიტანეს და სპეციალისტებისაგან რეკომენდაციები ითხოვეს. ანალოგიურზე საუბრობს სასწავლებლის გარემოს დაცვის ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი ციცინო თურქაძე.

„არანაირი შეთანხმება არც უნივერსიტეტთან და არც ჩვენთან არ ყოფილა. უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს  მიმართა. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ  პრობლემა სასწავლებელსა და საწარმოს უნდა მოეგვარებინა. შემდეგ რექტორთან მივიდნენ „ჰერკულესის“ წარმომადგენლები და  სთხოვეს, რომ  გაეწიათ დახმარება, რათა მისდამი დაქვემდებარებულ უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტში განსახილველად დადონ მეტალურგიული ქარხნის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში,“ - ამბობენ სპეციალისტები.

„ჰერკულესის“ დირექტორის მოადგილე ამირან ჩიტორელიძე კი განმარტავდა, რომ უნივერსიტეტთან შეთანხმების მიღწევა თანხის მიზეზით ვერ მოხერხდა. კერძოდ, მისი თქმით, სასწავლებელი დიდ თანხას ითხოვდა იმისათვის, რომ საწარმოს გამზადებული დოკუმენტი იქ განეხილა. სასწავლებელში კი საწარმოსათვის რაიმე თანხის მოთხოვნას უარყოფენ.

დოკუმენტის განხილვის ვადის გადაწევას სპეციალიასტები დადებითად აფასებენ.  წერეთლის უნივერსიტეტის ნაცვლად  დოკუმენტის განხილვა ქუთაისში, თოფურიას ქუჩა #15-ში იგეგმება.  თემურ კეპულაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტის განხილვის გადავადების შემდეგ   უკვე შესაძლებელია  მის ავკარგიანობაზე საქმიან რეჟიმში მსჯელობა.

„საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტია. სპეციალისტებს დაწყებული გვაქვს შესწავლა და  ალბათ ახალი წლის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას. იმედი გვაქვს, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა წამოვა თანამშრომლობაზე,“ – ამბობს თემურ  კეპულაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე