დავით უსუფაშვილი: პარლამენტი ქუთაისს სრულად არ დატოვებს
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის შემდეგ თბილისში
მდებარე შენობაში დაბრუნდება, თუმცა ქუთაისს სრულად არ დატოვებს. ამის შესახებ საკანონმდებლო
ორგანოს ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, დაახლოებით ერთწლიანი პოლიტიკური
მარათონის შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი შედგა. ასევე შედგა უმრავლესობისა და
უმცირესობის თანამშრომლობა.
უსუფაშვილი ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო და აღნიშნა,
რომ შენობაში ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
ასევე, რთულია მუდმივად ქუთაისს და თბილისს შორის
ყოფნა გზაში. „არა მხოლოდ დეპუტატებისათვის,
არამედ აპარატის თანამშრომლებისათვის. მაგრამ
ეს სირთულეები ხელს არ გვიშლის ნორმალურ მუშაობაში. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლითაც იქმნება შესაძლებლობა პარლამენტი
დაბრუნდეს ძველ შენობაში. ცვლილებას თებერვალში
განვიხილავთ. დავიწყეთ თბილისში მდებარე ძველი შენობის გარემონტება, მაგრამ ქუთაისს სრულად არ დავტოვებთ და ამ შენობის ფუნქციონირების
საკითხსაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავთ. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა დიდი პოლიტიკური
ავანტიურა იყო. ქუთაისში პოლიტიკური ცხოვრების აყვავება თვითმმართველობის გზით უნდა
მოხდეს და არა პარლამეტის იმპორტირებით თბილისიდან ქუთაისში,“ - ამბობს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტით ქალაქში
სამუშაო ადგილების შექმნა, ბლეფია. რადგან „რამდენი სამუშაო ადგილი იკარგება თბილისში, იმდენი
იქმნება ქუთაისში. ეს არასწორი მიდგომაა. სხვა პროექტებია აქ საჭირო. სამუშაო ადგილებს ქუთაისის სამრეწველო პოტენციალის აღორძინება სჭირდება.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობისათვის ბოქლომის
დადებას. ამ შენობის ფუნქციონირებით რა სარგებელი უნდა ენახა ქალაქს, ამას ნახავს.
ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე