|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება და ოპოზიცია თანამშრომლობის რეჟიმზე გადადის

მმართველი გუნდი ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართლებრივ ამნისტიას სთავაზობს.

პარლამენტში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი პრემიერის შეთავაზებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ განახორციელოს ამნისტია ყოფილი მთავრობის წევრების მიერ ჩადენილ იმ შესაძლო  დანაშაულებზე, რაც ძიების პროცესშია. როგორც ირკვევა, ამნისტია  ძალადობრივ დანაშაულებებსა და მკვლელობებს არ შეეხება.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს დაფნის გვირგვინები დავადგათ, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ  ციხეები სხვა ხალხით ავავსოთ,“ - ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის მიერ გაჟღერებულ მეორე ინიციატივასაც შეეხო, რომლის მიხედვით პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა  ექვსი  თვის ნაცვლად სამ თვეში შეეძლება. უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსული კოალიცია პოლიტიკური რევანშით დაინტერესებული არ ყოფილა. როგორც უსუფაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე  „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სრულიად არის გაშიშვლებული.

„პრემიერს არ სურს უფსკრულის პირას მყოფი უმცირესობა და პრეზიდენტი გადაჩეხოს.  ჩვენ გადავწვიტეთ ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას  და მისი პრეზიდენტობის  ვადის ამოწურვამდე დავუტოვოთ ყველა კომპეტენცია გარდა ერთისა, რომ მან ვერ შეძლოს  ერთპიროვნულად დაითხოვოს მთვრობა.  ამ უფლებას ართმევს მას ჩვენს მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტი,“ - ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტში უკვე შევიდა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელს 78 დეპუტატი აწერს. როგორც ცნობილია, პროექტზე ხელმომწერებს შორის არ არიან უმცირესობის დეპუტატები.

პროექტის მიხედვით,  პრეზიდენტს რჩება მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება, მაგრამ პარლამენტის თანხმობის გარეშე  ის მთავრობის ახალ შემადგენლობას ვერ დააკომპლექტებს. მოქმედი კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტს  დასამტკიცებლად  მთავრობის ახალი შემადგენლობა შესთავაზოს. მაგრამ თუ საკანომდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ  წარდგენილ მთავრობას ზედიზედ სამჯერ არ დაამტკიცებს, ქვეყნის პირველ პირს პარლამენტის დათხოვნაც შეუძლია.  

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება მზად არის უმცირესობასთან ერთად კონსულტაციების გზით დაამუშაონ მოდელი, რომ ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი აიცილოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის  უმცირესობასთან შეთანხმებას პრეზიდენტის დაცვის სამსახურთან დაკავშირებითაც მიაღწიოს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის, რასაც უმცირესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

უსუფაშვილის თქმით, ისინი პრეზიდენტს საშუალებას აძლევენ სამსახურის ის ნაწილი დაიტოვოს,  რაც მისი უსაფრთხოების  უზრუნველყოფას სჭირდება.  „პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ის მზად არის თავისი ძველი „ოპელით“  იაროს, არის პიარული განცხადება, რომ მას დაცვის საშუალებას არ აძლევენ, - ამბობს უსუფაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე