|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოტე კუბლაშვილი: „ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ვუპასუხოთ პოლიტიკურ იერიშებს“

„ყველამ კარგად იცის, რომ სასამართლო არ დაუშვებს პოლიტიკურ ზეწოლას. ყველაფერი – კონსტიტუციური და საკანონმდებლო უფლებამოსილება გვაქვს იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ასეთ იერიშებს. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი იარაღი ჩვენს ხელში ეს არის ნებისმიერი საქმის ობიექტური განხილვა,“ – ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, დღეს, ქუთაისში, ჟურნალისტებისათვის გამართულ ტრადიციული, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, რასაც მისი განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის ბოლოს. „სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი მუქარა და გამონათქვამები ისმოდა, რომელიც იყო პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში,“ – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა. მისი განცხადებით, ის არც ერთ შუამდგომლობას მოსამართლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილებს, თუკი საქმე არ ეხება მათ მიერ ჩადენილ მკვლელობას და ქრთამის აღებას. „ეს ორი დანაშაული მოსამართლეების მხრიდან არასოდეს მოხდება, სხვა ყველა დანარჩენი კი იქნება თითიდან გამოწოვილი ბრალდება,“ – ამბობს კოტე კუბლაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მომავალ წელს განსახორციელებელი უმთავრესი საკითხიც გააჟღერა. საუბარი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევსის წესს, რაშიც სასამართლო ხელისუფლება ახალ მთავრობას არ ეთანხმება. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად არიან არჩეულნი და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თითქოს მათ მიმართ ნდობა არ არსებობს, კონსტიტუციაში ჩარვაა.  

 „2013 წელს ჩვენი პირველივე ინიციატივა იქნება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს. ამით განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლები. ეს იქნება კოსტიტუციაში მითითებული საფუძვლები და ვერც ერთი ახალი ხელისუფლება ვერ შეცვლის საკუთარი სურვილით საბჭოს წევრთა უფლებამოსილების საკითხს,“ – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა. მისივე განცხადებით, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვილელებების მისაღებად მექანიზმებიც გააჩნიათ.

„როგორც ვიცით ხელისუფლებაში ელოდებიან ვენეციის კომისიას, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. იმედი გვაქვს რომ ისინი ჩვენს მოსაზრებებს გაიზიარებენ. თუმცა, თუ ასე არ მოხდა და ეს ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკითხთან  დაკავშირებით თავის აზრს ჯიუტად გაიტანს, კიდევ რჩება რაღაც მექანიზმები, რომლებზეც საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ვისაუბრებთ,“ – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, ასევე, ისაუბრა,2012 წელს სასამართლოში განხორციელებულ ცვლილებებზე. კოტე კუბლაშვილის განცხადებით, მიმდინარე  წელი იყო მნიშვნელოვანი სასამართლო ხელისუფლებისთვის, რადგან 2012 წელს დასრულდა სასამრთლო სისტემის ინსტიტუციონალური რეორგანიზაცია. შედეგად ყველა პირველი ინსტანციის სასამრთლო დღეს მოქმედებს ახალი სისტემით.

„ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს 24 დიდი, გაერთიანებული სასამართლო და 40 მაგისტრანტი სასამართლო“ –  აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე