არასამთავრობოები ქუთაისის მერიის წინააღმდეგ ერთიანდებიან
ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული დაძაბული ფონის
განმუხტვა, თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და საზოგადოების მაქსიმალური
ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში -
ეს იმ კოალიციის მიზნებია, რომელიც ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა
ქალაქის მერიის წინააღმდეგ შექმნეს.
კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ ამ ეტაპზე
7 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. თუმცა, როგორც
კოალიციის წევრები აცხადებენ, მასში გაერთიანება ყველა იმ არასამთავრობოს შეუძლია, რომლის საქმიანობის სფეროს ადგილობრივი
თვითმმართველობა წარმოადგენს. კოალიცია ღია არის მედია ორგანიზაციებისთვისაც.
„კოალიციის შექმნის მიზანი იყო ის, რომ ადგილობრივი
თვითმმართველობა არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. მას უნდა თუ არა, მოუწევს ანგარიშის
ჩაბარება საზოგადოებისათვის. დღევანდელი შეხვედრა
არის მესიჯი, რომ ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას და შევეცდებით რეალური შედეგი
დავდოთ ქალაქში,“ - ამბობს კოალიციის ერთ-ერთი წევრი, სამოქალაქო ინტერესების დაცვის
ცენტრის „არგუსი“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.
კოალიციის კიდევ ერთი წევრის, ასოციაცია „საჩინოს“ აღმასრულებელი
დირექტორის ზურაბ ხურციძის თქმით, ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ მიღებული 2013 წლის ბიუჯეტი საარჩევნო წელზეა
გათვლილი. ხურციძე თვითმმართველობაში დასაქმებულთა გაბერილ კადრებსა და არაპროფესიონალებზეც
საუბრობს.
„ჩვენ ვამზადებთ წერილს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის
სახელზე, რომ საკრებულომ
თავისი დადგენილებით უზრუნველყოს კომისიის შექმნა, რომელიც ქალაქის მერიის
სამსახურების საქმიანობას შეისწავლის. ამის შემდეგ სამსახურის უფროსები და თანამშრომლები,
რომლებიც კონკურსის გარეშე არიან დანიშნული, განცხადებებს დაწერენ სამსხურიდან წასვლის
შესახებ. ამას კომისია უზრუნველყოფს. მერიაში დასაქმებული არაპროფესიონალები პროფესიონალებმა
უნდა ჩაანაცვლონ,“ - ამბობს ზურაბ ხურციძე.
ხურციძის თქმით, შტატები გაბერილია მერიის ტერიტორიულ
ორგანოებშიც. „გაუგებარია, რისთვის არის საჭირო მუნიციპალიტეტბში 12 კაცის დასაქმება.
მიმდინარე წელს მათ დაფინანსება 60 000 ლარით გაეზარდათ, თუმცა არსად არის ნაჩვენები,
რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა,“ - ამბობს ზურაბ
ხურციძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე