სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 20 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან
პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა ქუთაისში დღეს მორიგი აქცია გამართეს, სადაც მიხეილ
სააკაშვილს 20 იანვრის შემდეგ თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდეს.
აქცია, რომელშიც იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების
უფლებებისათვის“ ეგიდით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა.
„ხალხს სძულს უკვე თავისი პრეზიდენტი. რადგან ის და
მისი გუნდის წევრები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. საერთაშორისო ასპარეზზე ცუდად
წარმოაჩენენ ქვეყნის იმიჯსა და მოქმედ მთავრობას. მიხეილ სააკაშვილს რა ურჩევნია, თავისი
ნებით დატოვოს პრეზიდენტის სასახლე თუ მასზე გაბრაზებულმა ხალხმა ძალით გამოიყვანოს
იქიდან?,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ალექსანდრე ოსეფაიშვილი.
„ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ წარმომადგენლის
ზურაბ გვენცაძის თქმით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში ამ დროისათვის
800 000 ხელმოწერაა შეგროვებული. ხოლო იმერეთში ხელმოწერების რაოდენობა ბოლო მონაცემებით
15 000-დან 70 000-მდე გაიზარდა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 20 იანვრის შემდეგ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გაუდის. „პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რადგან ქართველ ხალხს
მისთვის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არ გაუხანგრძლივებია,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ
რევიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე