ქუთაისელი ახალგაზრდები მთავრობის სახლს ითხოვენ
ქუთაისელი ახალგაზრდები ქვეყნის ხელისუფლებას მთავრობის
სახლის მათთვის გადაცემას სთხოვენ. აღნიშნული
მიზნით ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი
შექმნეს.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის შალვა კამლაძის თქმით, ქუთაისში ახალგაზრდულ-კულტურული
ცხოვრება შიმშილს განიცდის.
წინა ხელისუფლების პირობებში კი ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება არ
ხდებოდა.
„ამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ
სახალხო ხელისუფლება იყოს. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელმაც ადგილსამყოფელი
ბევრჯერ შეიცვლა, დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, სადაც ახალგაზრდას მიესვლება. ყოფილი
მთავრობის სახლის შენობაში ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება, რომელიც ბევრ სხვადასხვა
საინტერესო პროექტს განახორციელებს ახალგაზრდებისათვის,“ - ამბობს შალვა კამლაძე.
საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით, მთავრობის
სახლის საკითხთან დაკავშირებით ისინი პრემიერისათვის მიმართვას გეგმავენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდება
მთავრობის მხრიდან ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზებას ითხოვენ.
„მთავრობის სახლთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვქონდა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ შესაძლოა
მთავრობის სახლი იმ მიზეზით არ გადმოგვეცეს, რომ მისი შენახვა ძვირი ჯდება,“- ამბობს
შალვა კამლაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე