|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დანაშაულში ბრალდებული თანამდებობის პირების ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ

კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებული თანამდებობის პირების ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ, ხოლო ამ დრომდე დახურული სასამართლო პროცესები მედიისათვის ღია გახდება.

პარლამენტის კომიტეტებში დღეს, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით  იუსტიციის სამინისტროსა და საპარლამენტო უმცირესობის მიერ  მომზადებული კანონპროექტები განიხილეს.

 პირველი პროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. პროექტი  თანამდებობის პირების  ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლებას გულისხმობს.  კანონპროექტი  საჯარო სამსხურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით განსაზღრულ თანამდებობის პირებსა და იმ პირებზე ვრცელდება, რომელთა საქმეც თანამდებობის პირების ბრალდების საქმესთან ერთად განიხილება.

ხოლო მეორე ინიციატივა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტისა და ნაფიცების მიერ განსახილველი საქმეების სიის გაფართოებას გულისხმობს.

უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის თქმით,  თბილისისა და ქუთაისის  გარდა, იმ სასამართლოების რიცხვს, სადაც საქმეს ნაფიცები განიხილავენ, ბათუმის სასამართლოც უნდა დაემატოს, ხოლო ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის გადაწყვეტილება ბრალდებულებმა უნდა მიიღონ.  „სხვა შემთხვევაში ეს კომუნისტების დროს არსებულ სახალხო მსაჯულებას ემსგავსება,“ - ამბობს ბეჟაშვილი.

უმცირესობის პროექტი ნაფიცების მიერ  განსახილველი საქმეების გაფართოებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია ძარცვის, ქურდობისა და ყაჩაღობის საქმეების განხილვაზე.   

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით,  უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. ამიტომ, დეპუტატები ცვლილებების პაკეტს დღეს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გაიტანენ.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დროულია. იმ კითხვებსა და ეჭვებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებულ მაღალჩინოსანთა საქმეებთან დაკავშირებით არსებობს, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს პირობებში ყველაზე ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაეცემა,“ - ამბობს ბარამიძე.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე