„ქართული ოცნება“ „მაკნატუნას“ წილს სთხოვდა?!
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მზესუმზირის მწარმოებელ
ქარხანა „მაკნატუნაში“, რომელმაც ბიზნესი პრაქტიკულად ნოლიდან დაიწყო, „ქართული ოცნების“ სახელით მივიდნენ და წილი მოითხოვეს, ხოლო ქარხნიდან
მიღებული უარის შემდეგ საწარმოზე 22 ლარის
მიზეზით დააკავებები დაიწყეს,“ - ეს განცხადება
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე გააკეთა.
ჯაფარიძის თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შემცირებულია
ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესზე ზეწოლა მიმდინარეობს.
ჯაფარიძის განცხადებას უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ უპასუხა. მისი თქმით, როდესაც უმცირესობა ბიზნესის ზეწოლაზე ლაპარაკობს, უნდა გაიხსენონ მათი ხელისუფლების დროს როგორ ატერორებდნენ ბიზნესს. "ატერორებდით მთელ საქართველოს და გადანაწილებული გქონდათ წილები სხვადასხვა ბიზნესში," – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ქარხანა „მაკნატუნაში“ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებმაც ქარხნის ორი დისტრიბუტორი 22 ლარით ნაკლები სასაქონლო ზედნადების ამოწერისათვის დააკავეს. ხოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით საწარმოს თანამშრომლებმა პარლამენტთან აქციები გამართეს და ხელისუფლებას ბიზნესის მიხედვისაკენ მოუწოდეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე