|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა მაქაცარია: პარლამენტის გადატანით ქუთაისი ისევ ჩიხში აღმოჩნდება

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმედოვნებს, რომ  ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის მომხრეები თავის გადაწყვეტილებას  სისრულეში ვერ მოიყვანენ და ქალაქი მეორე დედაქალაქის  სტატუსს შეინარჩუნებს.  აღნიშნული განცხადება მაქაცარიამ  დღეს ქუთაისში გააკეთა.

ლაშა მაქაცარიას თქმით, ზუგდიდსა და სამეგრელოში უკვე შედგა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რაზეც მოსახლეობამ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.  მაქაცარია დარწმუნებულია, რომ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით უარყოფით  პოზიციას ქუთაისელებიც დააფიქსირებენ.

„რადგან საზოგადოებას ამ პროცესში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვიცი, რომ ქალაქში მაცხოვრებელთა დაახლოებით 90% პარლამენტის აქ არსებობის მომხრეა. ეს ხალხი იტყვის თავის აზრს თუ იქ სპეციალურად არ მიიყვანეს ხალხი და არ უთხრეს, რომ მათთვის მისაღები პოზიცია დააფიქსირონ,“ - ამბობს მაქაცარია.

ყოფილი გუბერნატორის თქმით, ქუთაისს უკვე აქვს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი,რითაც ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ეს არ უნდა დაიშალოს. როგორც მაქაცარია ამბობს, ბევრმა ინვესტორმა უარი თქვა ქალაქში ფულის ჩადებაზე, გაჩერდა სასტუმროების პროექტი, რადგან პარლამენტის გადატანა-არ გადატანის საკითხი დღის წესრიგში დგას.

ყოფილი გუბერნატორი  საზოგადოებას  ქუთაისისათვის  საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნების კუთხით აქტიურობისაკენ მოუწოდებს და  მიიჩნევს, რომ  მხარისა და ქალაქის განვითარება დეპუტატების კომფორტს არ უნდა გადაყვეს.

„მე მინდა მივმართო  პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც პარლამენტის გადატანას  უჭერს მხარს, რომ ეს იქნება სირცხვილი. პარლამენტის  გადატანა გამოიწვევს იმას, რომ ქალაქი ისევ აღმოჩნდება ჩიხში და დასამარდება. იმედი მაქვს საზოგადოება არ დაუშვებს ამას. პარლამენტიდან თითოეული ქუთაისელის ოჯახში სარგებლის შესვლა კი წლების საქმეა,“  - ამბობს მაქაცარია.

შეგახსენებთ,  რომ დღეს ქუთაისში 14:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა  შედგება, სადაც ერთ-ერთი საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, განხილვის შედეგები კანონპროექტზე  აისახება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე