„ქუთაისში პარლამენტის ყოფნის საკითხი საჯილდაო ქვას დაემსგავსა“
დღეს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003“–ში გამართული
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. შეხვედრაზე,
სადაც პარლამენტის ქუთაისში ყოფნა–არყოფნის საკითხს განიხილავდნენ, უმრავლესობა–უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით,
პარლამენტის ქუთაისში ყოფნის საკითხი საჯილდაო ქვა გახდა, რითაც უმცირესობაში მყოფი
,,ნაციონალები“ მოქალაქების თვალში ჯერ კიდევ ქულებს იწერენ.
,,ნაციონალებმა პოლიტიკური პაექრობის ობიექტი გახადეს
ქუთაისში პარლამენტის არსებობა, ამიტომ ეს საკითხი საჯილდაო ქვას ჰგავს. ამ თემით ისინი
მოქალაქეების მანიპულირებას ახდენენ. მაგრამ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ
გვაქვს იმის ფუფუნება, პოლიტიკოსები მუდმივად რიკოთზე იმყოფებოდნენ და თბილისიდან ქუთაისში
ტრანსპორტირებაში ფულს ხარჯავდნენ“, – ამბობს ზვიად ძიძიგური. მისივე თქმით, პარლამენტში
მხოლოდ ათი ქუთაისელია დასაქმებული. ,,პარლამენტში სულ 800 ადამიანი მუშაობს და აქედან
ათი თუ იქნება ქუთაისელი. ეს კი კიდევ ერთი რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს
პარლამენტი დედაქალაქში“, – განმარტვს ზვიად ძიძიგური.
აღნიშნულ მოსაზრებას ოპონირება გაუწია უმცირესობის წარმომადგენელმა
აკაკი ბობოხიძემ. რადგან მისი მტკიცებით, პარლამეტში
გაცილებით მეტი ქუთაისელი მუშაობს. „ქუთაისში პარლამენტის არსებობის წინააღმდეგი არ
არიან არც თბილისლები და არც ქუთაისლები, ამიტომ ვფიქრობ აქ სადაო არაფერია“, – ამბობს
ბობოხიძე.
ქუთაისში პარალმენტის დარჩენის კიდევ ერთ არგუმენტად,
ქუთაისის ყოფილმა მერმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ
ქალაქში ცხოვრების დონის გააქტიურება დაასახელა. ,,გვედავებიან იმაზე, რომ ქუთაისში პარლამენტის მოწყობისათვის დახარჯული
360 მლნ ლარი ქალაქის ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის ჯობდა დაგვეხარჯა. თუმცა ეს ფული
უმიზნოდ არ დახარჯულა. რადგან პარლამენტის
ქუთაისში გადმოტანით ქალაქის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, უფუნქციობა უნდა იქნეს დაძლეული“,
– განმარტა გია თევდორაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაზე მყოფი
მოქალაქების უმრავლესობაც ქუთაისში პარლამენტის
დარჩენის მომხრე აღმოჩნდა. ,,ქუთაისს ერთხელ მაინც მისცენ განვითარების საშუალება,
აქამდე თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დადიოდნენ თბილისში, ახლა ქუთაისში რატომ
ვერ უნდა იარონ“ – აღნიშნა ქუთაისში მცხოვრები ლია ქუთათელაძემ.
ავტორი: ანა ჯანაშია