ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერიის მაღალჩინოსნებს მორიგ ბრალდებებს უყენებს
ქუთაისის მერიაში
თანამშრომლეთა დანიშვნა-დაწინაურება, საშტატო რიცხოვნობის ზრდა, ახალი სამსახურების
შექმნა, ბოლო წლებში ავტომობილების რიცხვის გაზრდა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია,
რომელიც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ ადგილობრივი
თვითმმართველობის ხელმძღვანელების მისამართით დღეს, კიდევ ერთხელ მედიისათვის გააჟღერა.
მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მერიაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდამ 2006 წლიდან აიღო სტარტი,
რომელიც მისივე თქმით, დღემდე გრძელდება.
„2006 წელს იყო 544 თანამშრომელი მერიაში, ხოლო 2012-ში დასაქმებულთა რაოდენობამ
668 შეადგინა. ასევე, გაზრდილია სახელფასო
ფონდი, რომელიც მიმდინარე წლისათვის 7 მლნ 190 000 ლარია“, - განმარტა თოფურიძემ.
ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი თვითმმართველობის ავტოპარკის ზრდის დინამიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, მერიის ბალანსზე ირიცხება 40-მდე ავტომანაქანა. „ამას ემატება მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ხელშეკრულებით აყვანილი 71 ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საერთო ჯამში, კი მერიის ბალანსზე 108 ავტომანქანაა“, - განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.
შეკითხვაზე, თუ
რატომ არ მოხდა მის მიერ ამ ბრალდებების ამდრომდე გახმოვანება ან ახლა როგორ აპირებს
დაკავებული თანამდებობის შენარჩუნებას? თოფურიძე აცხადებს, რომ: „მე ყოველთვის მქონდა
შენიშვნები, თუმცა ამის გასაჯაროების საშუალებას მედიის შეზღუდული შესაძლებლობები არ
იძლეოდა. ახლა კი, ქვეყანაში გაჩნდა ალტერნატიული
აზრი და ადამიანებს შიშის განცდა აღარ აქვთ“.
ავტორი: თეკლა მორგოშია