|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მძღოლებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ქუთაისში, „ცენტრალური ავტოვაგზლის“  მძღოლები და შპს „იბერიის ვარსკვლავის“ დაქვემდებარებაში არსებული ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს კვლავ უპირისპირდებიან.

დაპირისპირებული მხარეები დაძაბული ვითარების განსამუხტად  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლების მხრიდან ჩარევას მოითხოვენ. ამ მიზნით,  დღეს  სამშენებლო კომპანია შპს „იბერიის ვარსკვალავის“ ავტოვაგზლის მძღოლებმა მერიის წინ აქცია გამართეს.

„მოვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს დაპირისპირება და  „ცენტარალური ავტოვაგზლის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოგვცენ მუშაობის უფლება“, – განაცხადეს დღეს მერიის შენობის წინ შეკრებილმა მძღოლებმა.

„ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ ადმინისტრაციის გარდა, სამშენებლო კომპანია „იბერიის ვარსკვლავის“ წარმომადგენლები პრეტენზიებს მერიის თანამშრომლებსაც უყენებენ.

„თითქმის ყოველ დღე, „ცენტრალური ავტოვაგზლის“ ადმინიტარციის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის თანამშრომლებიც მოდიოდნენ, თითქოსდა კონტროლზე. ასეთ მდგომარეობაში ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს კი, მუშაობის ნორმალური საშუალება არ ჰქონდათ. ეს არის ორი კერძო კომპანიის დაპირისპირება მოონოპოლიის მოპოვების მიზნით. ჩვენ გვსურს ორივე მხარემ  თანაბარი კონკურენციის პირობებეში ვიმუშაოთ, სადაც არც ერთი მხარე არ  იქნება დაზარალებული “, – განმარტა შპს „იბერიის ვარსკვლავის“ უფროსმა დავით  კოსტავამ.

კოსტავას დღესვე ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე შეხვდა. „ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. ჩვენ მხოლოდ, მშენებლობის კანონიერების გარკვევის საკითხში  შეგვიძლია დავემხაროთ ამ ორ კომპანიას. რაც შეეხება, ავტოსადგურის პრობლემას, ეს ტრანსპორტის დეპარტამენტის გასარკვევია“, – განმარტა ბესიკ ბრეგაძემ.  

თავის მხრივ, „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ ადმინისტრაციასაც აქვს პრეტენზიები „იბერიის ვარსკვლავის“ მისამართით. „ცენტრალური ავტოვაგზლის“ წარმომადგენლებმა „იბერიის ვარსკვლავის“ მიერ გახსნილი ავტოსადგურის გაუქმების მოთხოვნით აქცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამართეს. ისინი ახლადგახსნილი ავტოსადგურის გაუქმებასთან ერთად, ჭავჭავაზის გამზირზე მდებარე „იბერიის ვარსკვლავის“ საკუთრებაში არსებული სავაჭრო ცენტრის დახურვასაც ითხოვდნენ, სადაც 100–მდე მოვაჭრე მუშაობს. როგორც „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ ადმინისტარციაში განმარტავენ, აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა უკანონოდ განახორციელა, რაშიც ლობირებას ადგილობრივი ხელისუფლება უწევს.

ავტორი: თეკლა მორგოშია