|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში, გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დაკითხვაზე დღეს, დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიბარეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რ-ნის სოფ. ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან" დაუკავშირდა   სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში  ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. 

მურადაშვილი  თავის მხრივ,  ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა.   მორიგე ელექტროტექნიკოსმა,   ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან ,,ამირანისა" და მის მიმდებარედ  განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში, ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ჩალაგაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.



ავტორი: თეა ზიბზიბაძე