|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ისევ მერის ძიებაში არიან?!

პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, უახლოეს დღეებში ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს, ხოლო მერიაში მერობის ახალი კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ამის შესახებ წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულაიამ ბრიფინგზე იმ სარჩელზეც გაამახვილა ყურადღება, რომლითაც პარტია ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საშუალებით საკრებულომ ბესიკ ბრეგაძე ქალაქის მერად დაამტკიცა.

სასამართლოში სარჩელი გასული წლის 7 ნოემბერს შევიტანეთ.  მას შემდეგ მიმდინარეობს განხილვა. სახეზეა მსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები. მოსამრთლეები ვერ რისკავენ და ვერ დგამენ სამართლიან ნაბიჯებს. რაც ყველაზე სასაცილოა, მერიის ადვოკატებმა იმის მტკიცებულებად, რომ მერიას მერის თანამდებობაზე კონკურსი ნამდვილად ჰქონდა გამოცხადებული, საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა მოიტანეს. მოსამართლემ კი ეს მტკიცებულებად ჩათვალა. თუ ეს ასეა, ამავე მასალის მიხედვით, საკრებულოს უმრავლესობის წევრის, დავით გოგისვანიძის წინააღმდეგ, რომელიც მასალის მიხედვით, მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო,  მასალები პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, რადგან გამოცემაში მის მიერ ჟურნალისტების ცემაზეც არის საუბარი,” - ამბობს წულაია.

როგორც წულაია ამბობს, ნაციონალებსაქვთ გეგმა, რომლის მიხედვით, ბესიკ ბრეგაძე თანამდებობას დატოვებს, თუმცა, ახალი მერი ისევ მათი კადრი იქნება, პროცესი კი ქართული ოცნების გამარჯვებად და სამართლიანობის აღდგენად მოინათლება.

როგორც ჩემთვის ცნობილია, კანდიდატებად მერიის მაღალი რანგის ჩინოვნიკები მოიაზრებიან. ამ ეტაპზე უფრო ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს,” - ამბობს წულაია.

თავისუფალი საქართველოს ინფორმაციას უარყოფენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ მეშველიანის თქმით, მერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული ინფორმაცია მას პირველად ესმის.

პირველად მესმის. ბესოს არც უთქვამს მსგავსი რამ და არც განცხადება დაუწერია. ის ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან საკრებულომ მას მიანიჭა უფლებამოსილება,” - ამბობს მერაბ მეშველიანი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე