რაზე შეთანხმდნენ ქუთაისის მაჟორიტარი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი?!
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ყოფილი იურისტი მამუკა
სიგუა ქალაქის მაჟორიტარს გუბაზ სანიკიძეს „ნაციონალებთან“ ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს.
მამუკა სიგუას თქმით, დაახლოებით, ერთი თვის წინ, გუბაზ
სანიკიძემ თავის სახლში დაიბარა ქალაქის მერობის
ახალი კანდიდატი ბაკურ ბალანჩივაძე (ქუთაისის ყოფილი მერი).
როგორც სიგუა ამბობს, მერის თანამდებობაზე „ნაციონალი“
კადრის დანიშვნის შესახებ სანიკიძე და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე შეთანხმდნენ.
სიგუა იმასაც ამბობს, რომ ქალაქის მოქმედ მერს, ბესო ბრეგაძეს თანამდებობიდან წასვლის
შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს. ხოლო ქუთაისის მაჟორიტარი „ქართული ოცნებისგან“ ფარულად მოქმედებს.
„ისეთი ელემენტი, როგორიც გუბაზ სანიკიძეა, ვერ შეცვლიან
„ქართული ოცნების“ კურსს. მე მინდოდა, რომ ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ საზოგადოებისათვის
ცნობილი ყოფილიყო. მე შესაბამისი დოკუმენტაციაც მაქვს და მას მხოლოდ მაშინ წარმოვადგგენ,
როდესაც საჭიროდ ჩავთვლი. გუბაზ სანიკიძეს მოვუწოდებ, ნებისმიერ ეთერში ვისაუბროთ ამის
შესახებ. თუ ის ამ ფაქტს უარყოფს, მე მას სიმართლეს დავუმტკიცებ. „ნაციონალებს“ უნდათ
სანიკიძის გადაბირებით „ქართული ოცნების“ გასაკეთებელი საქმეები შეაფერხონ, მაგრამ
ამას საზოგადოება ვერ მოითმენს,“ - ამბობს სიგუა.
მამუკა სიგუა გუბაზ სანიკიძეს წინასაარჩევნოდ გავრცელებულ
სატელეფონო საუბარსაც უხსენებს, სადაც სანიკიძე მილიონერობაზე ოცნებობს. სიგუა სანიკიძეს
მოუწოდებს „ნაციონალების“ წარმომადგენლებთან ბიზნესების გადანაწილებას თავი დაანებოს.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე კი გუბაზ სანიკიძესთან შეთანხმების ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ
არათუ შეთანხმება, ქუთაისის მაჟორიტართან კონტაქტი წლებია არ ჰქონია.
„ქალაქს ჰყავს მოქმედი მერი, მის მიმართ არანაირი პრეტენზია
არ გვაქვს და არც რაიმე ცვლილება იგეგმება. გარდა ამისა, მერის დანიშვნის გადაწყვეტილებას
არა ვიცე-გუბარნატორი, არამედ ქალაქის საკრებულო იღებს,“ - ამბობს თევდორაძე.
რაც შეეხება ქუთაისის მაჟორიტარს, მასთან, ისევე, როგორც
მის ბიუროსთან დაკავშირება ამ დროისთვის შეუძლებელია. ხოლო საპარლამენტო უმცირესობაში
აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე