|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელ სახლს საყრდენი კედელი ჩამოენგრა

ქუთაისში, მდინარე რიონის პირას მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საყრდენი კედელი ჩამოენგრა. როგორც დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე  სახლის მაცხოვრებლები ამბობენ, საცხოვრებელი დანგრევის პირას იმყოფება, რის გამოც ყოველდღიურად შიშის ქვეშ  უწევთ ცხოვრება. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

სახლის ერთ-ერთი მცხოვრების ნარგიზა გოგლიჩიძის თქმით, საყრდენი კედელი გუშინ ჩამოინგრა. როგორც გოგლიჩიძე ამბობს, საცხოვრებელი დასანგრევ ობიექტთა ნუსხაში შედის. ხელისუფლებისათვის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად კი მათი  მხრიდან დახმარება არ ყოფილა.

„ალბათ მსხვერპლი უნდა მოხდეს ან ღამე დაგვენგრეს  ეს სახლი თავზე ვინმემ  ყურადღება  რომ მოგვაქციოს. სახლს  საძირკველიც კი არა აქვს და აგურები პირდაპირ მიწაზე არის დაწყობილი, მიწისძვრის  დროს სახლი გადი-გამოდიოდა. იმდენად შეშინებულები ვართ, ღამე წესიერად არ გვძინავს,“ - ამბობს ნარგიზა გოგლიჩიძე.

სახლში, რომელიც დანგრევის პირას არის მისული, 13 ოჯახი ცხოვრობს. უბნის მაჟორიტარის კახა ნემსიწერიძის თქმით, ქალაქის მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც აღნიშნული პრობლემის შესწავლისა და მოსახლეობისათვის დახმარების საკითხზე მსჯელობს.

„ჩვენ სურვილი გვაქვს ამ პროცესში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროც ჩავრთოთ.  კომისია იმსჯელებს იმის შესახებ,  მოსახლეობას ალტერნატიულ  ფართებს შესთავაზებენ, ფულად კომპენსაციას მისცემენ თუ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება,“ - ამბობს ნემსიწვერიძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე