ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ
ქუთაისში, 22 წლის ვიოლა მატინოვის გარდაცვალებაში მატინოვის
ოჯახის წევრები მის მკურნალ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ადანაშაულებენ. ისინი გამოძიებისგან გარდაცვალების გამომწვევი ობიექტური მიზეზების დადგენას ითხოვენ.
ვიოლა მატინოვს, რომელიც ერთი დღის წინ გარდაიცვალა,
18 დღის შვილი დარჩა.
მატინოვის ოჯახის წევრების განცხადებით, მან 7 იანვარს ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში საკეისრო
კვეთა გაიკეთა. სამი დღის შემდეგ პაციენტი გაწერეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ვიოლა
მატინოვს ტკივილები და სისხლდესა დაეწყო, რის
შემდეგაც საავადმყოფოში მის ექიმს, მეან-გინეკოლოგ
ირაკლი მერკვილაძეს მიაკითხა.
„ექიმმა ანალიზი აუღო. როგორც სჩანს, არ მოეწონა სიტუაცია.
როგორც გარდაცვლილისგან ვიცი, ამის შემდეგ ექიმმა ექთანს რუსულად
გადაულაპარაკა, საშვილოსნოში სისხლი აქვს, მაგრამ მაგას ხომ ვერ ვეტყვით, ვუთხრათ,
რომ ფილტვების ანთება აქვსო. გარდაცვლილმა ეს ნათქვამი რომ გაიგო, ერთი ამბავი დააწია.
ექიმმა 400 ლარის წამლები გამოუწერა ვითომ ფილტვების ანთებისთვის. აფთაიქში კი გვითხრეს,
რომ წამლები სინამდვილეში ანთებისთვის არ იყო. ამის შემდეგ გადასხმა გაუკეთეს პაციენტს და ფული რომ არ ჰქონდა, საავადმყოფოში 40 ლარის გულისათვის გარდაცვლილის
პირადობის მოწმობა დაიტოვეს,“ -ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ნაირა ჩაფიძე.
მატინოვის ოჯახის
ახლობლების თქმით, პაციენტი სახლში ცუდად გახდომის
შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადაიყვანეს,
სადაც გარდაიცვალა. მათი თქმით, მატინოვის მეუღლის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია,
სახლი არ აქვთ, რის გამოც მიცვალებული ნათესავის
სახლში ჰყავთ დასვენებული.
ოჯახი ირაკლი მერკვილაძისაგან მიცვალებულის მიხედვასა და 18 წლამდე ვიოლა მატინოვის
მცირეწლოვან შვილზე მზრუნველობას ითხოვენ.
„ხომ შეიძლეობდა ექიმს ყურადღება გამოეჩინა პაციენტის
მიმართ. თავიდან გაეკეთებინა ოპერაცია ან საშვილოსნო საერთოდ ამოეღო. გვინდა რომ სიმართლე
დამტკიცდეს. ჩვენ არ ვითხოვთ ექიმი მაინცადამაინც ციხეში ჩასვან, მაგრამ არ გინდა რომ კიდევ სხვაც ჩავარდეს ჩვენს
დღეში და ასეთი ბავშვები დედის გარეშე დარჩნენ. ექიმი მას შემდეგ გვემალება,“ - ამბობენ
ვიოლა მატინოვის ოჯახის წევრები.
ქუთაისი #3 სამშობიარო სახლში აცხადებენ, რომ საკეისრო
კვეთა პაციენტის დაჟინებული მოთხოვნით ჩატარდა, ხოლო დედა-შვილი დაწესებულებიდან დამაკმაყოფილებელი
მდგომარეობით გაწერეს.
საავადმყოფოში ექიმის დაუდევრობას გამორიცხავენ და აცხადებენ,
რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
„ექიმის დაუდევრობა გამორიცხულია. 30 წელია ჩვენთან ქალის სიკვდილი არ
ყოფილა,“ - ამბობს სამშობიაროს მთავარი ექიმი დავით ჯანელიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე