|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ

ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზარში  ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი ქალაქში სასაკლაოების მოწყობის იდეას არ იწონებენ და აცხადებენ, რომ სასაკლაოები დამატებით ხარჯებსა და ხორცის ფასის ზრდას  იწვევს. ხორცის რეალიზატორები ამ მიზეზით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ქალაქში მეოთხე დღეა ხორცი არ იშოვება.

ხორცის რეალიზატორების განცხადებით, ისინი  ამ დრომდე პირუტყვს ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფლებში იძენდნენ და იქვე კლავდნენ. თუმცა როგორ ამბობენ, მათ ახლა ამის საშუალება აღარ ეძლევათ.

„ვეტერინარიული სამსახური გვავალდებულებს სოფელში საქონელს რომ შევიძენთ, ის დასაკლავად ნიკეას დასახლებაში არსებულ სასაკლაოზე მივიყვანოთ. სადაც საქონელი ერთეულების ხელში გაივლის და თითოეულ კილოგრამ ხორცზე ერთი ლარი უნდა გადავიხადოთ. საქონლის ქალაქში ჩამოსაყვანად ჩვენ სატვირთო მანქანა გვჭირდება. სატვირთოს კიდევ ხარჯი აქვს და საქონლის ღირებულების  ნახევარი მიაქვს. ეს ხორცის ფასის გაზრდას გამოიწვევს,“ – ამბობს ერთ–ერთი მოვაჭრე იმედა ბაბუნაშვილი.

ხორცით მოვაჭრეების თქმით,  ქალაქში არსებული სასაკლაო კრიტიკას ვერ უძლებს. მათი თქმით, საქონლის დასაკლავად სოფელში, გლეხთან უკეთესი პირობები არის. ხოლო  ქალაქში სასაკლაოს მოწყობის პარალელურად, მათი თქმით, სასაკლაოები სოფლებშიც უნდა გაიხსნას, ადგილზე  ასევე უნდა იყოს ვეტექიმი, რომელიც  სარეალიზაციო ხორცის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ცნობას გასცემს.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯერ ისწავლოს რა არის სოფლის მეურნეობა და მერე დადგეს მინისტრად. საქართველოში რომელი ფერმერული მეურნეობაა განვითარებული, ფერმაში  რომ შევიძინოთ დასაკლავი პირუტყვი. ქუთაისში 10–ლარიან ხორცს ვერ ყიდულობს კაცი და 14–ლარიანს იყიდის? თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვიმუშავებთ,“ – ამბობენ მოვაჭრეები. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე