ხორცის რეალიზატორები დახმარებას მერიას სთხოვენ
ქუთაისში გაფიცული ხორცის მოვაჭრეები ქალაქის მერიას
დახმარებას სთხოვენ. ხორცის რეალიზატორები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ და იმ აკრძალვების
წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც მათი თქმით, მოვაჭრეების საქმიანობას შეუძლებელს ხდის.
მოვაჭრეები იმ შეზღუდვას აპროტესტებენ, რომლის თანახმად,
თუ ამ დრომდე პირუტყვის ხორცს სარეალიზაციოდ
თავად ამზადებდნენ, ვეტერინარული სამსახურის მოთხოვნის შედეგად, საქონელი აუცილებლად
სასაკლაოზე უნდა დაიკლას და იქ შემოწმება გაიაროს.
„გვინდა აქამდე როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშაოთ. ცაგერიდან
და ლენტეხიდან საქონელს ცოხცლად რომ ჩამოვიყვან, მერე სასაკლაოზე მივიყვან, იქ თითო
კილოგრამში თითო ლარს გადავიხდი და მერე გასაყიდად გავიტან, ეს ხორცის ღირებულებას
ხომ გაზრდის? 9-ლარიან ხორცს ვერ ყიდულობს კაცი ქუთაისში და 15-ლარიანს იყიდის? ხარჯები
იმხელაზე მიდის, რომ მუშაობა არ ღირს საერთოდ,“ - ამბობს აქციის მონაწილე ზურაბ ვარდანიძე.
არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ხორცის რეალზიატორები
ქალაქის მასშტაბით გაფიცულები არიან.
აქციის მონაწილეებს შეხვედრას ქალაქის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე დღეს,
16:00 საათზე დაჰპირდა.
“საკითხი
ჩვენს პრეროგატივას არ წარმოადგენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას ეკუთვნის.
ჩვენ ყველანაირად შევეცდებით შუამავლის როლი შევასრულოთ და ამ გზით ამ ხალხს დავეხმაროთ,“
- ამბობს ძოწენიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე