ქუთაისის სკოლებში მასწავლებლებს „ნაციონალების“ დაბრუნებით აშინებენ
ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორები მასწავლებლებს ხელისუფლებაში „ნაციონალების“ კვლავ დაბრუნებით აშინებენ და პედაგოგთა
თავისუფალ პროფკავშირებთან თანამშრომლობას
უშლიან - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის თამარ გაბუნიას
თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, 2010 წელს
პედაგოგთა პროფკავშირის ლიკვიდაცია მოხდა. როგორც გაბუნია ამბობს, ხელისუფლებისა
და განათლების სამინისტროს მხრიდან უხეში ძალადობით პროფკავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა,
ხოლო მისი ანარიცხები ”ნაციონალების“ მიერ შექმნილი ფსევდო პროფკავშირის ბალანსზე გადაირიცხა.
„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ ორგანიზაციის აღდდგენა
დავიწყეთ. თუმცა დღესაც იგივე გრძელდება, რაც ორი წლის წინ იყო. დირექტორები მასწავლებლებს
ჩვენთან თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევენ და ხელშეკრულებებს ყოფილი ხელისუფლების მიერ შექმნილ და დაფინანსებულ
ფერად-ფერად პროფკავშირებითან ან ძალით ან კიდევ დაუკითხად, სასკოლო არდადეგების პერიოდში
აფორმებინებენ,“ - ამბობს გაბუნია.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის
ქუთაისის ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის ეკა ქობალიას თქმით, „სკოლაში მასწავლებლებთან
შეხვედრები რომ დავიწყეთ, დირექტორები ხელს გვიშლიდნენ. დირექტორები მასწავლებლებზე
ზეწოლას ახდენენ და ეუბნებიან, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან,“
- ამბობს ქობალია.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ეტაპზე კონკრეტული
სკოლების დასახელებისაგან თავს იკავებენ და მხოლოდ ინფორმაციის გაჟღერებით შემოიფარგლებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე