|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონელმა „მეოცნებეებმა“ პროტესტი პარლამენტთან აქციით გამოხატეს

„ქართული ოცნების“ ხონის ოფისის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს.

კოალიციის აქტივისტების ერთი ფრთა იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ კოალიციის ძირითადი ბირთვი (დაახლოებით 250 ადამიანი) მანდატების გარეშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად, როგორც ამბობენ,  რაიონული ორგანიზაციის დამაფუძნებელ ყრილობასა და თავმჯდომარის არჩევის პროცესში ვერ მონაწილეობენ.

პარლამენტთან შეკრებილი კოალიციის აქტივისტები უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მათთვის  არასასურველი კანდიდატის ლობირებაში ადანაშაულებენ და  აცხადებენ,  რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ხონში კოალიციის ყრილობა არ შედგება.

შეგახსენებთ, რომ ხონში ყრილობა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „მეოცნებეთა“ ერთმა ფრთამ თბილისიდან გამოგზავნილი თავმჯდომარეობის კანდიდატი ოთარ მუშკუდიანი შენობაში არ შეუშვა. ისინი მუშკუდიანს დავით საგანელიძის კადრად მიიჩნევენ და იმ მიზეზით იწუნებენ, რომ ისინი კანდიდატს არ იცნობენ.

სამაგიეროდ, კოალიციის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე თავიანთი კანდიდატი ჰყავთ ნიკოლოზ სანოძის სახით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისათვის იბრძოდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე