|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად და რატომ გაემგზავრა ქუთაისის მერი?

ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე მივლინებაში იმყოფება. ქალაქის მერი ავსტრიის მერების ფორუმზე გაემგზავრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი“, - აღნიშნა  მერის მოვალეობის შემსრულებელმა ამირან ძოწენიძემ.

ავსტრიის ქალაქ გრაცში ბესიკ ბრეგაძის მივლინება მიმდინარე წლის  28 იანვარს დაიწყო და ხუთ თებერვლამდე გასტანს.

ბესიკ ბრეგაძესათვის აღნიშნული ვიზიტი მერის რანგში პირველია.

ქუთაისის ამჟამინდელი მერის  ბესიკ ბრეგაძის, მისი მოადგილის კოტე რატიანისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის დავით მეგრელიშვილის ვიზიტზე ავსტრიასა და ესპანეთში,  ქუთაისის მერიამ გადაიხადა 12 858 ლარი,“ – აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე.

დაუბრუნდება თუ არა მივლინებაში  მყოფი ბრეგაძე ქალაქს მერის რანგში უცნობია, რადგან ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ  ბესიკ ბრეგაძე ქალაქის მერად  2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებიდან ერთ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან მერის დანიშვნას ქუთაისის საკრებულოში დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს მიერ დაჩქარებული წესით მერის დანიშვნის წინააღმდეგი იყო ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე.  მერის დანიშვნის გამო ხმაური და დაპირისპირება არც შემდეგ შეწყვეტილა.

გასული კვირის მანძილზე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია ბესიკ ბრეგაძის სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების თაობაზე.

ბესიკ ბრეგაძე მერობამდე  საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის საკრებულოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა, როგორც საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი.

მანამდე ბესიკ ბრეგაძეს ქუთაისის მერიაში ვიცემერის პოსტი ეჭირა. ის, ასევე, ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანიაკომფორტს“, რომელიც ქუთაისის ყოფილი მერის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი თევდორაძის საკუთრებად ითვლება.

ავტორი: თეკლა მორგოშია