|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მაჟორიტარს საკადრო წმენდაში ადანაშაულებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატალია სამთელაძე  აცხადებს, რომ ზესტაფონის მაჟორიტარი გოგი ქავთარაძე მას სამსახურიდან წასვლას აიძულებს. აღნიშნული განცხადება სამთელაძემ ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში გააკეთა.

ნატალია სამთელაძის თქმით,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული გამგებლის მოსვლის შემდეგ 15 ადამიანი გათავისუფლდა. როგორც სამთელაძე ამბობს, აღნიშნული რიცხვი ხელისუფლებაში ეცოტავებათ, ამიტომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა გათავისუფლების საქმეში მაჟორიტარი ჩაერთო.

„რადგან გამგებელმა ვერ შეძლო რადიკალი ყოფილიყო და  მეტი ადამიანის  გათავისუფლება ვერ მოახერხა,  საქმეში მძიმე არტილერია, გოგი ქავთარაძე ჩაება. ქავთარაძემ გაბრაზებული ტონით მითხრა სამსახურიდან ამდრომდე რატომ არ წავედი. ჩვენს შორის საუბარი ჩხუბით, აგრესიული ტონითა და მაგიდაზე ხელების დარტყმით შედგა.  მითხრა, რომ თუ ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ამას თვითონ გააკეთებდნენ.  განცხადებების დაწერაზე იმპერატიული მოთხოვნაა. გოგი მუქარაზე არის გადასული.  მე არ ვწერ განცხადებას. გათავისუფლების ბრძანება რომ დაიწეროს, ამის მზიეზი უნდა იყოს. „შე ნაციონალო“ მიზეზი არ არის, რადგან მე პარტიული არასოდეს ვყოფილვარ,“ - ამბობს სამთელაძე.

ნატალია სამთელაძის თქმით,  ამ დროისათვის მისი გათავისუფლების ბრძანება არ არის. როგორც სამთელაძე ამბობს, მან დახმარებისათვის უკვე მიმართა სახალხო დამცველის ოფისსა და პარლამენტს.

„მე სამსახურიდან გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად წამოვედი, მაგრამ არ ვიცი ხვალ უნდა მივიდე თუ არა. გაურკვევლობაში ვარ. დღეს სამსახურის ბეჭედი მომთხოვეს. როგორც ვიცი ქავთარაძეს ჩემს ადგილას მისი ფავორიტი ჟურნალისტის ეკატერინე დუგლაძის დანიშვნა უნდა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ თანამშრომელია,“ - ამბობს სამთელაძე. 

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ საქმეს შეისწავლიან და განცხადებას ამის მერე გააკეთებენ. 

Newpress.ge კომენტარისათვის ზესტაფონის მაჟორიტარს დაუკავშირდა, თუმცა გოგი ქავთარაძის ბიუროში განაცხადეს, რომ „მაჟორიტარს ახლა არ სცალია. ხალხი ჰყავს შეხვედრაზე. ეს არ არის ისეთი თემა, რომ მაგისთვის დრო გამოიყოს,“ - აცხადებენ მაჟორიტარის  ბიუროში. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე