ქუთაისში გაფიცული ხორცით მოვაჭრეები ივანიშვილს მიმართავენ
ქუთაისში გაფიცული ხორცით მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრს
ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ. მოვაჭრეები ივანიშვილისიგან საარჩევნო პერიოდში გაჟღერებული დაპირების - სოფლის
მეურნეობის მიხედვას ითხოვენ.
ქუთაისში ხორცის რეალიზატორები უკვე მეხუთე დღეა გაფიცული
არიან. მოვაჭრეებმა დღეს ქალაქის მერიასთან
მორიგი აქცია გამართეს. მათი თქმით, შედეგი არ გამოიღო ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლებთან
შეხვედრამ.
„მაცივრებში 200 და 400 კილო ხორცი გვიფუჭდება. ვეტერინარული
სამსახური გაყიდვის უფლებას არ გვაძლევს. წინააღმდეგ
შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმით გვემუქრებიან. მაინცადმაინც
ქუთაისში უნდა დაიკლას საქონელი? ქუთაისში
რომ გააკეთეს სასაკლაო, აქ რომელი ფერმაა? სასაკალაოები სოფლებშიუნდა მოაწყონ. ბიძინა ივანიშვილმა
ხელისუფლებაში მოსვლამდე რომ თქვა სოფლის მეურნეობას მივხედავო, დაპირების შესრულება უკუღმა დაიწყო? აშენების ნაცვლად
ანგრევს? ვიღაცამ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?,“ - ამბობს ხორცით მოვაჭრე გელა დარსაძე.
როგორც გაფიცული მოვაჭრეები ამბობენ, მათ დახმარებას ქალაქის მერია დაპირდა, თუმცა ამ დროისათვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ხორცით მოვაჭრეთა თქმით, მათი პრობლემა არც ვეტერინარულ სამსახურს აწუხებს.
„ვეტეერინარული
სამსახურის წარმომადგენლებს რომ ვუთხარით ხორცს
რა ვუყოთ– თქო, ასე გვითხრეს, სახლში წაიღეთო. ისიც გვითხრეს, ჯიბე გაგითხელდათ და მაგიტომ
ყვიროთო. „ნაციონალები“ და „ოცნება“ ორივე ერთმანეთს ადანაშაულებენ და ჩვენ ვინმემ
ხომ უნდა მოგვხედოს? გაფიცვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“
- ამბობენ მოვაჭრეები.
ცნობისთვის, ხორცის რეალიზატორების უკმაყოფილება იმ
ფაქტმა გამოიწვია, რომ თუ ამ დრომდე მოვაჭრეები
სარეალიზაციად პირუტყვს სოფლებში თავად ამუშავებდნენ, ახლა ის
ქუთაისში, სასაკლაოზე უნდა დაიკლას.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე