|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმაურიანი და ხალხმრავალი საკრებულოს სხდომა ქუთაისში

მიმდინარე წელს ქუთაისის  საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა.

ერთთვიანი შვებულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ხვადაგიანს სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ პირთა მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდა. თუმცა, მანამდე საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ყველა ამ  პირის მობილიზება ოპონენტებმა მოახდინეს.

„მოვითხოვთ მოგვიმატოთ ხელფასები. აქამდე არასოდეს შეგვიწუხებია საკრებულო! ახლა კი დროა ამოვიღოთ  ხმა!“, – განაცხადა ქუთაისის 34–ე საჯარო სკოლის პედაგოგმა თინათინ გოჩელაშვილმა.

ხელფასების მომატების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან განაწყენებული მოქალაქეები დასაქმებასაც მოითხოვდნენ. საკრებულოს სხდომაზე დასაქმების მოთხოვნით გამოვიდნენ 2010 წელს, სკოლამდელი დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პედაგოგები.

„უკვე ორი წელია სახლში ვზივარ. არასოდეს არავინ არ დაინტერსებულა სამსახურის გარეშე დარჩენილი პედაგოგების ბედით. ხვადაგიანს ან „ნაციონალურ მოძრაობას“  ხუთი ადამიანის დასაქმება გაუჭირდა?! მაგრამ ჩვენ მხოლოდ არჩევნებზე გახსენდებით!“, –  განაცხდა სხდომაზე  საბავშვო  ბაღიდან გათავისუფლებულმა ერთ–ერთმა პედაგოგმა.

„საკრებულოს  სხდომას აქვს რეგლამენტი. გთხოვთ დავიცვათ!  შეკითხვები მერე დავსვათ.  გპირდებით. რომ მოგისმინთ“, – განუცხადა განაწყენებულ თანაქალაქებს ხვადაგიანმა. რომელსაც, საკრებულოს ფრაქცია „ქუთაისი“–ის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე რეპლიკით გამოეხმაურა: „ეს არის ხალხის ხმა, რომელიც წლების განმავლობაში არ გესმოდათ და ახლა ვალდებულნი ხართ მოისმინოთ“.

ხვადაგიანმა, საკრებულოზე განაწყენებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემების მხოლოდ არსებობა დაუდასტურა. თუმცა, მისი მოგავრების  კონკრეტულ გზებზე არაფერი უთქვამს.

პრობლემები რომ არსებობს ეს ცხადია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ეს პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - აღნიშნა ხვადაგიანმა.

სხდომაზე პრობლემების გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც გაჟღერდა, რომელიც კიდევ ერთხელ მამუკა მღვდელაძემ  გაახმოვანა.

რაც შეეხება, თავად ხვადაგიანის დამოკიდებულებას, თანამდებობიდან მისი გადაყენების  შესახებ,  ასეთია: საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის პროცესს არეგულირებს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. მე დავემორჩილები ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკრებულო მიიღებს“, – ამბობს ის.

ავტორი: თეკლა მორგოშია