|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზენტაცია ქველმოქმედების თანხლებით

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მწერალ გიზო თავაძის წიგნის, „პორტრეტები“, პრეზენტაცია გაიმართა.

„პორტრეტები“ მწერლის მე–19 წიგნია. იგი ლექსების კრებულს წარმოადგენს. ლექსების, რომელიც ავტორმა გამორჩეულ, სახელოვან თუ ნაკლებად სახელოვან, ისტორიულ თუ ჩვენს თანამედროვე პიროვნებებს მიუძღვნა.

მწერალმა – ცოტნე დადიანის, ბერი თევდორეს, აბო თბილელის, ასევე ჰანიბალის, დიოგენეს, ნეფერტიტის, კლეოპატრას, ზურაბ ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და სხვათა  მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა.

მიძღვნის ადრესატები იყვნენ ასევე ავტორის მეგობრები, რომელთა ნაწილიც პრეზენტაციას ესწრებოდა. ბევრმა დამსწრეთაგან თავიანთი დამოკიდებულება გამოხატა მწერლის მიმართ და გიზო თავაძე მოიხსენია ადამიანად, რომელიც „უხდება ქალაქს,“ რომელიც „ახალ სიტყვას ამბობს ქართულ მწერლობაში“, რომლისთვისაც მთავარ ღირებულებას სიმართლე წარმოადგენს. ამაში ავტორიც დაეთანხმა მათ.

„მწერალი უნდა ამბობდეს სიმართლეს და მნიშვნელობა არა აქვს სად მუშაობს ან რა ვითარებაშია“, – განაცხადა გიზო თავაძემ.

პრეზენტაციაზე გაიხსენეს მწერლის მოღვაწეობა ეროვნულ მოძრაობაში. მათი თქმით მწერალი ამ სულისკვეთებას დღემდე არ ღალატობს. „ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ ადამიანებს „არაფორმალებს“ გვეძახდნენ,  გიზო ეროვნული მოძრაობის დროს „არაფორმალი“ იყო, იგი დღემდე რჩება  „არაფორმალად“, როგორც შემოქმედებაში, ასევე ცხოვრებაში“ , – განაცხადა ფილოლოგმა მერაბ გვაზავამ.

პრეზენტაცია საქველმოქმედო ხასიათის იყო. წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა ხელმოკლე სტუდენტებს მოხმარდება. 

ავტორი: ნიუპრესი