|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები კადრების შესაძლო შემცირებას აპროტესტებენ

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის თანამშრომლები კომპანიაში კადრების შესაძლო შემცირებას აპროტესტებენ.

წყალმომარაგების კომპანიის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარება სთხოვეს.

თანამშრომლების თქმით, კომპანიაში უკვე მივიდა წერილი კადრების შემცირებაზე.

„კომპანიის შემოსავლების სამსახურში 55 კაციდან 22 თანამშრომელი უნდა დარჩეს. რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტები დარჩენილ თანამშრომლებზე გადანაწილდება და კომპანიამ რომ თანხა ამოიღოს, თითოეული მათგანი აბონენტთან სამჯერ და ოთხჯერ უნდა  მივიდეს. რაც შეუძლებელიაა. გარდა ამისა, ყველა თანამშრომელს სახელფასო სესხი აქვს გამოტანილი ბანკებიდან,“ - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი რევაზ გვანცელაძე.

კომპანიის თანამშრომლების თქმით, მათ ეგონათ, რომ დაწესებულებაში  დასაქმებული კადრების  რაოდენობა გაიზრდებოდა, თუმცა მცირდება. ამიტომ ისინი დახმარებას ითხოვენ.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს ქალაქის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე შეხვდა, თუმცა როგორც შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდნენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან დახმარების პირობა ვერ მიიღეს.

„ვიცე-მერმა გვითხრა, რომ მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენს და ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად ბერკეტები არ გააჩნიათ. ამიტომ ახლა მაჟორიტართან ვგეგმავთ შეხვედრას,“ - ამბობენ კომპანიის თანამშრომლები.

წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით კომპანის ყველა კვალიფიციური თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს.

„მიმდინარეობს ტესტირება,  კადრების ოპტიმიზაცია. თუმცა, ყველა პროფესიონალი თანამშრომელი დარჩება ადგილზე, ტესტირების შედეგების მიხედვით. ის ინფორმაცია, რომ მასშტაბური შემცირება იგეგმება არასწორია და არ ვადასტურებ“  – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძე. .

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე