ბობოხიძე წყალტუბოში დაზარალებულთა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
წყალტუბოს მაჟორიტარი აკაკი ბობოხიძე მუნიციპალიტეტში
მეწყრისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას
სთხოვს. დაზარალებული ოჯახები ბობოხიძემ დღეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა საღარეიშვილთან ერთად
მოინახულა.
ბობოხიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ წყალტუბოს,
არამედ მთელ იმერეთის რეგიონს აწუხებს. მუნიციპლაიტეტის სოფლებში მოსახლეობა მეწყერსაშიშ
ზონაში ცხოვრობს, რის გამოც მათი სახლები ან ინგრევა ან კიდევ ავარიულმ დგომარეობაშია
და მოსახლეობას საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება. როგორც ბობოხიძე ამბობს, წინა ხელისუფლება დაზარალებულ
ოჯახებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეხმარებოდა და ახალი ხელისუფლებაც ასე უნდა მოიქცეს.
„ამ ადამიანებს
უნდა დაეხმარნონ ისე, როგორც კახეთში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან. მათი დახმარება
პრემიერ–მინისტრის ეგიდით უნდა მოხდეს,“ – ამბობს ბობოხიძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მამუკა საღარეიშვილის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტს
დაზარალებულებისათვის მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაწევა შეუძლია.
„მუნიციპალიტეტში შექმნილია კომისია, რომელიც დაზარალებულთა
პრობლემებს სწავლობს. დაახლოებით 170 განაცხადია
შემოსული. 2008–2009 წლებში ცენტრალური
ხელისუფლების ფინანსური რესურსით 20 ოჯახის დახმარება შევძელით,“ – ამბობს საღარეიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე