|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის განცხადებით, მას მერის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ძოწენიძე ფიზიკურად  დაუპირისპირდა.

თოფურიძის განცხადებით, ინციდენტი საკრებულოს  თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის კაბინეტში,  თათბირის   დროს მოხდა.

როგორც თოფურიძე განმარტავს, ის ხვადაგიანის კაბინეტში მერის  მოვალეობის შემსრულებელთან და სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,   პრობლემური საკითხების  განსახილველად დაიბარეს.

„საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის კაბინეტში  დამიბარეს. სადაც, მერიაში გაზრდილი შტატების და მისი მოკვლევის საკითხი ამირან  ხვადაგიანმა სამსახურის უფროსებს დაავალა.  ამის შემდეგ  ამირან ძოწენიძემ ჩემი გათავისუფლების საკითხი დააყენა. მერე შეურაცხყოფაზე  გადმოვიდა,  შემაგინა და ამის მერე ფიზიკურადაც გამოიწია“, – განაცხდა  თოფურიძემ. მისივე თქმით, ამ ფაქტის მოკვლვა და ძოწენიძის კანდიდატურის ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტს არ ადასტურებს  საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.

„მე გიდასტურებთ, რომ იყო კამათი ამირან ძოწენიძესა და თენგიზ თოფურიძეს შორის.  მაგრამ ამას ინციდენტს ვერ დავარქმევდი. ასეთი კამათი  ყოველ სამუშაო თათბირს მოჰყვება. არ მინდა დავწვრილმანდე ვინ რა უთხრა და რა უპასუხა“, –  განმარტა მომხარი ინციდენტის შესახებ  ამირან ხვადაგიანმა.

თათბირზე მხოლოდ კამათს ადასტურებს თავად ამირან ძოწენიძე. „იყო კამათი, მაგრამ არ იყო შეურაცხყოფა. თუკი თოფურიძე იმის გამო, თვლის თავს შეურაცხყოფილად, რომ მას ის პრივილეგია შეუსუსტდება, რომლითაც  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  სარგებლობდა, სხვა საქმეა. მას ჰქონდა იმაზე მეტი პრივილეგია რამდენიც სამივე ვიცე–მერს ერთად. ის იქნება ჩვეულებრივი სამსახურის უფროსი. ვეჭვობ ძალიან მალე დადგება მისი გათავისუფლების საკითხიც“, – განაცხდა ამირან ძოწენიძემ.

კითხვაზე  „სამუშაო თათბირზე“  დააყენა  თუ არა მან თოფურიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი? ასე პასუხობს: „ჯერ არა, მაგრამ ვეჭვობ ძალიან მალე დადგება ეს საკითხიც“, – აღნიშნა  მერის მოვალეობის შემსრულებელმა ამირან ძოწენიძემ.

„ვერავინ ვერავის გათავისუფლებას ვერ მოითხოვს! თენგიზ თოფურიძე ჩვეულებრივად  გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას,“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

მერიის ადმინისტარციული სამსახურის უფროსს სოლიდარობა გამოუცხადეს „გამჭვირვალე თვითმმართველოთვის“  შექმნილმა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილმა კოალიციამ.

„ჩვენ  ვგმობთ, მერიაში დაფიქსირებულ ფიზიკური თუ  სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს“, – განაცხადეს მერიის შენობის წინ შეკრებილმა არასმთავრობოთა კოალიციის წარმომადგენლებმა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია