ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს სამართალდამცავები კითხავენ
ამ წუთბში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ამირან ძოწენიძეს, იმერეთის მთავარ სამმართველოში სამართალდამცავები კითხავენ. ძოწენიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა მიზეზით დაიბარეს დაკითხვაზე.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე გუშინ, ქუთაისის მერიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან თათბირის მიმდინარეობის დროს, ამირან ძოწენიძე მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული ყველაფერი ეს. შემიძლია ვთქვა, რომ ვაშლს ნამდვილად არ ვთლი, გაუთლელად ვჭამ, სამმართველოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი, მიზეზი არ უთქვამთ, ადვოკატის გარეშე მოვედი, ჩემთვის პირველი გამოცდილება იქნება და საინტერესო იქნება,“- განაცხადა ძოწენიძემ.
სამხარეო სამმართველოს შენობასთან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და მხარის გუბერნატორი იმყოფებიან. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი აცხადებს, გუშინ მერიაში არავის არავინ უცემია. მისი თქმით, უბრალოდ თათბირზე იყო კამათი, რომელიც ნებისმიერ სამუშაო თათბირს ახლავს თან.
„არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ ავტორიტეტი და იმიჯი სიცრუით შეიქმნან. არ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ საკრებულოს წევრები,“ - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე