|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამაზ სულამანიძე ქუთაისის პროკურატურამ მოწმის სტატუსით დაკითხა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილ დირექტორს რამაზ სულამანიძეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით კითხავდნენ.

რამაზ სულამანიძის თქმით, პროკურატურა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით დაინტერესდა, რომელიც გასული წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ხორციელდებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩართული პირები სამუშაოს მაძიებელთა საჭიროებების  კვლევას ახორციელებდნენ.

 როგორც სულამანიძე ამბობს, პროკურატურა იმით დაინტერესდა რამდენად საჭირო იყო ადამიანების ის რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობდნენ და როგორ ხდებოდა მათი სამსახურში აყვანა და ხელშეკრულებების გაფორმება.

საოლქო პროკურატურასთან იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება პოლიტიკური დევნაა. როგორც ბალავაძე ამბობს, ხელისუფლება სამუშაო ადგილების შექმნისა და ადამიანების დასაქმების ნაცვლად იმ ადამიანების დაკითხვითაა დაბარებული, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ.

„ხელისუფლება ადამიანების პროკურატურაში დაბარებითა და დაკითხვით არის  დაკავებული. სხვა მათი გაკეთებული საქმე არ გვინახავს,“ – ამბობს ბალავაძე.

ქუთაისის საოლქო პროკურატურაში კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე