ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სავარძლის მოყვარულთა შორის პირველი ადგილი ერგო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი
სავარძლის მოყვარულთა შორის პირველი ადგილის დაკავებისათვის სიგელით „დაჯილდოვდა“. სიგელის გარდა,
ხვადაგიანმა მერიის ადმინისტრაციული შენობის მთავარ შესასვლელთან ვარსკვლავის გახსნაც
„დაიმსახურა“.
არასამთავრობო
ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა
ქალაქის მერიასთან დღეს მორიგი თეატრალიზებული აქცია გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლის
გიზო ბანძელაძის თქმით, ამ ფორმით ახალგაზრდებს სურთ საკრებულოს თავმჯდომარეს შეახსენონ
, რომ თანამდებობა დატოვოს.
„ამირან ხვადაგიანი არ არის სკარებულოს მუდმივი თავმჯდომარე.
„ნაციონალებმა“ უნდა დათმონ ის სავარძლები, რომლებშიც თბილად არიან მოკალათებული და
ასპარეზი ხალხის მიერ არჩეულ ახალ ძალას უნდა დაუთმონ. ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ აქციებს, ვიდრე
შედეგს არ მივიღებთ,“ - ამბობს ბანძელაძე.
აქციაში მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა სიგელი საკრებულოს
აპარატის უფროსს ვანო ჟორჟოლიანს ჩააბარა.
„ეს არც ჩვენს ქალაქს და არც ჩენს ახალგაზრდებს ეკადრება. უამრავი პრობლემაა დღეს ამ ქალაქში. უფრო მეტი სასიკეთო
და ღირსეული საქმეების კეთება შეუძლიათ. ქუთაისი
სხვა ქალაქია,“ - ამბობს ვანო ჟორჟოლიანი.
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ქუთაისის“
თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე, რომელიც ახალგაზრდების
თეატრალიზებულ აქციას შეუერთდა, ამბობს, რომ
„ამირან მუდმივად“ წოდებულ ამირან ხვადაგიანს ამგვარი „პატივი“ ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ამირან ხვადაგიანის
პატივსაცემად ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის
ადმინისტრაციულ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას „ამირან მუდმივის #5“ უწოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე