|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არჩევნების ანატომია“ –„ შპარგალკა“ სახელმწიფო „გადატრიალებისათვის“

„სიტყვა „თავისუფლება“ მუდმივად ამბოხების წინაპირობას წარმოადგენს“, - ნიკოლო მაკიაველის ამ სიტყვებით იწყებს თავის სათქმელს წიგნის „არჩევნების ანატომია“ ავტორი ბესიკ (შერმადინ) მიქელთაძე. აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია დღეს, 5 თებერვალს გაიმართა ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში.

„წიგნი აწყობილია მთლიანად არჩევნების თემატიკაზე. რთული თემაა, პრაქტიკულად ძნელად მისაღებია ჩვენთვის იმიტომ, რომ ხელისუფლების ჩანაცვლების ნაკლები პრაქტიკა არსებობს. ახლა ვართ ამ ეტაპზე. წიგნი უნიკალურ ნაშრომს წარმოადგენს, სადაც ასახულია საარჩევნო მთელი სტრუქტურა. ეს არის „ღია შპარგალკა“ „სახელმწიფო გადატრიალებისათვის“. ასახულია მთლიანად მსოფლიო საარჩევნო სისტემა დაწყებული რომის იმპერიიდან დღემდე“, - ამბობს ბესიკ მიქელთაძე.  

წიგნი მცირე სახელმძღვანელოს წარმოადგენს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული პირისთვის. „არჩევნების ანატომია“ ასახავს არჩევნების ტექნოლოგიას, 388 მეთოდს და მიზნად ისახავს იმის ჩვენებას „თუ როგორ დაამარცხოს ერთმა ელიტარულმა ჯგუფმა მეორე, ერთმა დეპუტატობის კანდიდატმა - მეორე, როგორ უნდა მოხდეს მმართველობის ჩანაცვლება არა ძალმომრეობით, არამედ სისტმური ცვლილებებით, ლეგიტიმურად, კანონიერი არჩევნების გზით“, – როგორც წიგნის პროლოგში არის მითითებული.

პრეზენტაციას სხვა სტუმრებთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც ესწრებოდა. დეპუტატის მისამართით დასმულ კითხვაზე: ამ 388 მეთოდიდან რომელს იყენებდით არჩევნების მოსაგებად? დეპუტატმა უპასუხა: „მართალია გვაბრალებენ გაყალბებას, მაგრამ მე არჩევნების მოგების მარტო ერთი გზა ვიცი - ეს არის ამომრჩველთან საუბარი“.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი