|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცული ხორცის რეალიზატორები დეპუტატებთან შეხვედრამდე დაშლას არ აპირებენ

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით გაფიცული ხორცის რეალიზატორები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-სპიკერთან ან აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

ხორცის რეალიზატორებმა პარლამენტთან დღეს მორიგი აქცია გამართეს, სადაც აღნიშნული მოთხოვნის გარდა, სხვა მოთხოვნებიც გააჟღერეს.

ხორცის რეალიზატორების  სახელით აღნიშნული მოთხოვნები „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გაჟღერა, რომელმაც აქციას სოლიდარობა გამოუცხადა.

„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოვითხოვთ, რომ რაიონებსა და სოფლებში ვეტერინარული სამსახურების განვითარებამდე ხორცის რეალიზაციის საშუალება ფორმა #2-ის გარეშე მოგვეცეს. გარდა ამისა, პარლამენტმა შეიმუშაოს  გონივრული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება გლეხების და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე და არა არსებული მონოპოლისტური გარემოს შენარჩუნებაზე,“ - აცხადებენ ხორცის რეალიზატორები.

გაფიცული ხორცით მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს სასაკლაოების მოწყობაზე სოფლებში, სადაც განვითარებულია მესაქონლეობა.

„რადგან ხორცის რეალიზატორებს არ მოუწიოთ საქონლის ცოცხლად ტრანსპორტირება ქუთაისში, რაც მათ აიძულებთ დამატებითი და გაუმართლებელი  ხარჯი გასწიონ,“ - აცხადებენ ხორცის რეალიზატორები.

„პარლამენტის წარმომადგენლები შეგვხვდნენ და ამ ადამიანებისათვის მისაღებ ვადაში გვითხრან მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ რა პასუხს გაგვცემენ. დეპუტატებს დაკვლას არ ვუპირებთ, რადგან მაგათი ხორცი არ გაიყიდება,“ - ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ ხორცის რეალიზატორების გაფიცვა მეთორმეტე დღეა გრძელდება.  მათი უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სოფლებსა და რაიონებში შეძენილი ცოცხალი პირუტყვი დასაკლავად ქუთაისში გახსნილ სასაკლაოზე უნდა მიიყვანონ. სადაც თითო კილოგრამ ცოცხალ ხორცში თითო ლარი უნდა გადაიხადონ  ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი ცნობის ასაღებად.

პარლამენტთან შეკრებილი ხორცის რეალიზატორები აცხადებენ, რომ ისინი იმ დრომდე არ დაიშლებიან, ვიდრე  დეპუტატებს არ შეხვდებიან.      

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე