|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელი მოვაჭრეები დახმარებას ივანიშვილისგან ითხოვენ

 „ბიძინა  გვიშველე, ბიძინა გვიყვარხარ!“, „შეწყდეს ჩვენი საკუთრების ხელყოფა, დაგვიბრუნეთ წართმეული ქონება!“, - ამ და სხვა მსგავსი სლოგანით ზესტაფონელმა მოვაჭრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მოვაჭრეები ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის შენარჩუნებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მოვაჭრეებმა პარლამენტთან 800 ადამიანის ხელმოწერა მოიტანეს. 

მოვაჭრეების თქმით, ამ ეტაპზე აგრარული ბაზართან დაკავშირებით  გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მათი თქმით, იმის იმედი არა აქვთ, რომ გამოძიება ისე წარიმართება, როგორც საჭიროა.

„ამბობენ, რომ ძველი ბაზრის მეპატრონეები ძმები სამადაშვილები არიან, რომლებმაც ახალი სავაჭრო ცენტრი ააშენეს და აგრარული ბაზრის მოვაჭრეები იქ იძულებით გადაჰყავთ. ამ ეტაპზე აგრარულ ბაზარში მუშაობენ, თუმცა ხალხი ზეწოლის ქვეშ არის და ეშინიათ. ეკა ბესელიასთან შეხვედრა გვინდა. პრობლემა ის არის, რომ ზესტაფონს არ ჰყავს პატრონი. ადამიანი, რომელთანაც ეს ხალხი მივა და ის მოუსმენს.  მაჟორიტარი კი გვყავს, მაგრა მსჯობია არ იყოს, რადგან საქმეს ვერ აკეთებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე ანგი დათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელი მოვაჭრეები პრობლემის მოგვარებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. ისინი პრემეირთან შესახვედრად თბილისშიც იყვნენ ჩასული.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე