|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაქრაძე: უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა პრეზიდენტის მოსასმენად

საქართველოს პარლამენტი 8 თებერვალს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას არ მოუსმენს. ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოსმენა მაშინ მოხდება, როდესაც  მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობა უმრავლესობის ინიციატივას დაუჭერს მხარს.

უმრავლესობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა ოპონენტებს შორის. უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის  თქმით,  პრეზიდენტის მოსმენის საკითხი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, როდესაც საქართველოს პარლამენტი სრულფასოვანი გახდება და მას მისი მთავარი უფლებამოსილება - ხალხის ნების შესაბამისად მთავრობის ფორმირება დაუბრუნდება.

 „ჩვენ მივეცით შანსი უმცირესობას გუშინ  გამართული  საპარლამენტო დებატების სახით, რომ ქართული საზოგადოებისათვის  ნათელი გამხადარიყო მათი პოზიცია.  ჩვენ უარს ვაცხადებთთ მოვუსმინოთ ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს  პარლამენტის უმნიშვნელოვანესი უფლება - მთავრობის ფორმირება. ამიტომ,  გადაწყვეტილება მარტივია. საქართველოს პარლამენტი უნდა გახდეს სრულფასოვანი პარლამენტი, როგორც ეს ეკადრება და შეეფერება დემოკრატიულ ქვეყნებს. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მოვუსმინოთ მიხეილ სააკაშვილს,“ - ამბობს ხიდაშელი.

უმრავლესობის მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთეს უმცირესობის წარმომადგენლებმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, უმრავლესობამ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 8 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენაზე უარი თქვა. ამის შესახებ ბაქრაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა.

„პრეზიდენტის სახელით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ პრეზიდენტის მხრიდან არსებობდა და არსებობს სრული მზადყოფნა მობრძანდეს პარლამენტში, გამოვიდეს სიტყვით, უფრო მეტიც, პრეზიდენტი მზად იყო დარჩენილიყო პარლამენტში პოლიტიკური დებატების დასრულებამდე, პასუხი გაეცა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე და განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, თავადაც მიეღო  მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში,“ - ამბობს ბაქრაძე. 

უმცირესობის ლიდერის თქმით, მათი კოლეგები უმრავლესობიდან მზად  არ აღმოჩნდნენ პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენისა და პოლიტიკური დებატისთვის.

„ნებისმიერ  შემთხვევაში  გადაწყვეტილებას  იღებს  საპარლამენტო უმრავლესობა და ბიურო. ერთადერთი რაც ჩვენ დაგვრჩენია, გამოვხატოთ ჩვენი სინანული და დავემორჩილოთ
 იმ ფაქტს, რომ  ხვალ ჩვენს მოსახლეობას  აღარ მიეცემა ვფიქრობ ძალიან საინტერესო დისკუსიის მოსმენის საშუალება, რომელიც პარლამენტში უნდა გამართულიყო,“ - ამბობს ბაქრაძე.

 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე