უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან
80 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები
გაიმართა.
„წერეთლის უნივერსიტეტში პირველი ლექცია 1933 წლის
13 თებერვალს ჩატარდა. ჩვენც სიმბოლურად ამ დღიდან დავიწყეთ ამ ფაქტისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების გამართვა, რომელიც აღინიშნება არა მხოლოდ რამოდენიმე დღე ან კვირა, არამედ
მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში, სხვადასხვა
შინაარსის კულტურული და სამეცნიერო ღონისძიებებით“, - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ღავთაძემ.
დღეს, 13 თებერვალს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო
ლექცია გაიმართა სახელწოდებით „ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტიდან - აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“ (1933-2013), რომელიც პროფესორებმა გიორგი მჭედლიძემ და
ივერ ბასილაძემ წაიკითხეს. მათ მოკლედ მიმოიხილეს უნივერსიტეტის ისტორია, რომელიც რთული
ეპოქების მონაცვლეობის დროს იქმნებოდა.
საიუბილეო ღონისძიებამ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზიდან
ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების პრეზენტაცია მოეწყო.
როგორც პრეზენტაციის დროს აღინიშნა აწსუ-ს ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია ქვეყანაში
- იგი მილიონამდე ერთეულს შეიცავს, მათ შორის შთამბეჭდავი რაოდენობის უძველეს ბეჭდურ
წიგნებსაც.
„გამოვარჩიეთ ძველი და უნიკალური წიგნები. რამოდენიმე
წელია ისინი საერთო საცავიდან გამოვიტანეთ,
მათთვის სპეციალური სათავსო გავაკეთეთ. დღეს წარმოდგენილია როგორც ქართულენოვანი, ისე
უცხოენოვანი ლიტერატურა. უძველესი წიგნების საცავი მოიცავს ასობით წიგნს, რომლებიც
ბოლომდე არ არის ჯერ შესწავლილი. გვაქვს ლათინურენოვანი 1619-1620 წლებში გამოცემული
წიგნები. თანაც ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია საქართველოში“,
- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი ჭიჭინაძე.
უძველესი ლიტერატურის შესწავლასთან ერთად ხდება მათი
რესტავრაცია-დამუშავება. ბიბილიოთეკის დირექტორის თქმით საამისოდ ჰიგიენისა და რესტავრაციის
განყოფილება შეიქმნა, სადაც ამ ძველ წიგნებს და ნაბეჭდებს უტარდებათ დამუშავება, გაწმენდა
და რესტავრირება.
ასევე ხდება აღნიშნული ლიტერატურის ციფრულ მატარებლებზე
გადატანა, რომ ყველა დაინტერესებული პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „გაციფრიანება ხდება ფოტომასალისაც, რომლითაც ასევე მდიდარია უნივერსიტეტის
ფოტობიბლიოთეკაც. ერთ-ერთი უძველესი კოლექციაა. ამის გამოფენასაც ვაპირებთ. ყველამ
რომ იცოდეს რა საგანძური გაგვაჩნია. გრძელდება
წიგნების შესწავლაც, მათი იდენტობების დადგენა, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ძველიც აღმოჩნდეს.
შედარებები ხდება საზღვარგარეთულ ბიბლიოთეკებთან, რადგან შეიძლება რომელიმე მხოლოდ
ჩვენთან იყოს, ან სულ რამოდენიმე ცალი იყოს შემორჩენილი მსოფლიოში“, - ამბობს გიორგი ჭიჭინაძე.
წიგნების გამოფენა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მთელი თავისი მასალის
პუბლიკაციას მოახდენს.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი