ვანო მერაბიშვილი: „ამაყად შევდივარ იუსტიციის შენობაში“
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო
მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დასაკითხად უკვე შევიდა. მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანამ
დაახლოებით 92 000 სამუშაო ადგილი დაკარგა
იმ პროგრამის ფარგლებში, რომლის გამოც ის ახლა დაკითხვაზე იმყოფება.
„მე შევთავაზე მათ, რომ პროგრამაში ჩართული სოციალური აგენტების ნაცვლად, ჩემგან მიეღოთ ინფორმაცია და მე მივსულიყავი დაკითხვაზე,“ – აცხადებს მერაბიშვილი.
მისი თქმით, ხალხი ახალი ხელისუფლებისგან სამუშაო ადგილების შექნას და პირობების გაუმჯობესებას ელოდა, თუმცა, „ჩვეულებრივ ხალხზე არავინ ზრუნვას. ამის ნაცვლად, მათ თავიანთი ახლობლები დასვეს იმ თბილ და რბილ სავარძლებზე როლებიც თავის დროზე ჩვენ მოვაწყვეთ. მე ახლა ამაყად შევდივარ იუსტიციის შენობაში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ. იქ კიდევ არის ბვერი ძველი კადრი, რომელთაც უხერხულობა შეექმნებათ, თუმცა, იქ ასევე არიან „ოცნების“ მიერ დასაქმებული ახალი კადრები“, – ამბობს მერაბიშვილი.
მერაბიშვილი პროკურატურის შენობაში მხარდამჭერებმა ტაშით შეაცილეს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიასთან შეიკრიბნენ. "შორს ხელები ვანოსგან", "ვგმობთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას", "არა - პოლიტიკურ ძალადობას", - ამ სლოგანებით "თავისუფლალი ზონის" წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის ელისო კეთილაძის თქმით, პოლიტიკური ლიდერების მასობრივი დაბარებები დაკითხვაზე, ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას მიანიშნებს, რაც დასაგმობია.
"ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად მოქალაქეობრივი. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს", - ამბობს ელისო კეთილაძე.
პროკურატურასთან, ასევე, იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"ეს არის პოლიტიკური რეპრესიის ნაწილი. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის მთავარი სამიზნე ჩვენი ლიდერები არიან“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა
გიორგი თევდორაძემ.
შეგახსნებთ, რომ ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოძიება მოწმის სახით კითხავს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე