ჭიაბერაშვილი: „არ გამოვრიცხავ, დაკითხვაზე დამიბარონ თუნდაც მეორედ, ან მესამედ“
ქუთაისის პროკურატურამ ჭიაბერაშვილის დაკითხვა დაასრულა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
პროკურატურის შენობიდან გამოსული ჭიაბერაშვილის თქმით, გამოძიება ძირითადად იმ საკითხით დაინტერესდა, რატომ გააკეთა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა წინა მთავრობამ.
„გამოძიების დაწყება ამ პროგრამის ირგვლივ ჩემთვის პოლიტიკურ კითხვებს აჩენს, უცნაურია, კითხვის ნიშნები დასვა იქ, სადაც არ არის. ივანიშვილმა უნდა დაასრულოს სამუშაოს მაძიებელთა იმ ბაზის შექმნა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად საქმეს მიხედოს,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები დღეს პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟის იარაღად არიან ქცეული. „პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდინარეობს ქუჩაშიც და ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პირობებში დაკითხვაზე დამიბარონ თუნდაც მეორედ, ან მესამედ“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
აწუთებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში „სამუშაოს მაძიებელტა“ საქმეზე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ის პროკურატურაში 16:00 საათისთვის გამოცხადდა.
შეგახსნებთ, რომ ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოძიება მოწმის სახით კითხავს. როგორც გამოძიებამ დაადგინა,„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა