ზესტაფონელი რკინიგზელები დახმარებას ივანიშვილს სთხოვენ
ზესტაფონში გაფიცული რკინიგზის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების 100%-იან ზრდას ითხოვენ.
გაფიცვაში დაახლოებით 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.
მათი განცხადებით, გაფიცვა წინა ხელისუფლების
პირობებშიც სურდათ, თუმცა მაშინ სამსახურიდან დათხოვნით აშინებდნენ. რკინიგზელები დახმარებას
ქვეყნის პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ.
„რაც აქ ვმუშაობთ, პირობები არ გაუმჯობესებულა. გასაუმჯობესებელია
სანიტარული ნორმები, გვჭირდება სპეცტანსაცმელი. გაფიცვას ამ დრომდეც ვფიქრობდით, მაგრამ იმ 400 ლარის დაკარგვის გვეშინოდა, რომელსაც
ხელფასის სახით ვიღებთ,“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.
გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, მათი მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები პერმანენტულ
სახეს მიიღებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე