ქუთაისის მერიამ მთავრობის სახლი დააჯარიმა
ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლს ქუთაისის მერიამ 3 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მერიამ სახლის დაჯარიმების
გადაწყვეტილება მისი მშენებლობისათვის არსებული
არასრული სანებართვო დოკუმენტაციის მიზეზით მიიღო.
ქუთაისის ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, თავის დროზე სახლის მშენებლობის დროს ფორმალობები
არ დაიცვეს, დოკუმენტაციის მოწესრიგებას ნაკლები
ყურადღება დაუთმეს და აქცენტი სახელმწიფო დაწესებულების სწრაფ ვადებში დასრულებაზე
გააკეთეს.
„მაშინ საჭირო იყო შენობის მოსწრება. შენობა ძალიან კარგი გამოვიდა, თუმცა ის ამ ეტაპზე
ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. არც არავის ბალანსზეა. ამისთვის მათ ქალაქის მერიიდან თანხმობა ესაჭიროებათ,
რადგან სახლის მშენებლობაზე მერია იყო ტექნიკური ზედამხედველი. სახელმწიფო შესყიდვების
ბიუროს, რომელიც მთავრობის სახლის მშენებლობის დამკვეთი იყო, დაჯარიმების ფაქტი არ
გაუპროტესტებია, რადგან აქ რამდენიმე მილიონზე არ არის საუბარი. რაც მალე გადაიხდიან ჯარიმას, მათთვის უკეთესია,“ - ამბობს ძოწენიძე.
ვიცე-მერის თქმით, შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად
ქალაქის მერია სახელმწიფო შესყიდვების ბიუროს თანხმობას ვერ მისცემს, რადგან მისი თქმით,
მანამდე სამშენებლო დოკუმენტაციის სრულად მოწესრიგებაა საჭირო. ვიცე-მერი იმასაც აღნიშნავს,
რომ მსგავსი მიზეზით, მთავრობის სახლი მათი ხელისუფლების პირობებშიც დაჯარიმდებოდა.
შეგახსენებთ,
რომ ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი
გასული წლის ნოემბერში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. მიზეზად რეორგანიზაცია
და ის ფაქტი დასახელდა, რომ ქუთაისში მთავრობის
სახლის მშენებლობა საჭირო არ იყო.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე