|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები თვითმმართველობას მოთხოვნებს უყენებენ

„მოვუწოდებთ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და  ცენტრალური  ხელისუფლების  შესაბამის ორგანოებს მიაღწიონ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმს ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის  მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში. არ დაუშვან ცენტრალურ  და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა“, - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში გააკეთეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისქუთაისის ფილიალის, სამართლიანი არჩევნებისა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებით ქუთაისში  ბოლო პერიოდში განვითარებულ  მოვლენებს გამოეხმაურნენ.

„საზოგადოების ჩართულობით უმოკლეს დროში დაიწყოს თვითმმართველობის ორგანოების ოპტიმიზაციაზე მუშაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების  მიერ მოხდეს კადრების მიღება  კონკურსის წესით, რომელიც ვებ–გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. ასევე,  თვითმმართველობამ,  ყოველთვიურად, ყოველი  თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის შესახებ და ბოლოს, უახლოეს მომავალში დაიწყონ მუშაობა 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავებაზე“ - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც ზემოთ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა თვითმმართველობის მისამართით გააჟღერეს.

ისინი,  ასევე, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას  მოუწოდებენ   დაიცვან  და შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობა და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებები.

როგორც საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია განმარტას, აღნიშნული ორგანიზაციები მზად არიან ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტის დეცენტრალიზაციის პროცესს.

 „ჩვენ ვინარჩუნებთ სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამიტომაც, ვაფიქსირებთ, ჩვენს მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ორივე მხარესთან“, - ამბობს თამარ ფაჩულია. 

„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია  შემუშავდეს დეცენტრალიზაციის ეფექტური მოდელი. კლდიაშვილის განმარტებით, აღიშნული მოდელის დანერგვა უზრუნველყოფს ფუნქცია-მოვალეობების და  მათ განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური და ქონებრივი რესურსების ოპტიმალურ განაწილებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა