წყალტუბოს პოლიციას „ნაციონალები“ ზეწოლაში ადანაშულებენ
წყალტუბოს საკრებულოს წევრებზე ადგილობრივი პოლიცია ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა საღარეიშვილმა განაცხადეს.
გია თევდორაძის თქმით, ზეწოლები გრძელდება და მის განხორციელებაში
მონაწილეობას პოლიცია იღებს.
„ამჯერად ზეწოლების განმახორციელებლად გვევლინება პოლიცია,
რომელიც ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო.
დღეს იმის ნაცვლად რომ პოლიციამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებაზე იფიქროს,
ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა,“ - ამბობს თევდორაძე.
მამუკა საღარეიშვილი წყალტუბოში ზეწოლების ახალ ტალღას
მიმდინარე კვირაში დანიშნულ საკრებულოს სხდომას
უკავშირებს, სადაც საღარეიშვილისათვის უნდობლობის გამოცხადება უნდა მოხდეს.
„ზეწოლები ადრეც იყო, თუმცა ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობდით,
რომ ეს ადამიანები გატყდნენ და „ოცნებაში“ გადავიდნენ. კოალიციას საკრებულოში უმრავლესობა
არ ჰყავთ და ამიტომ გადავიდნენ დაშინებაზე. მუნიციპალიტეტის გამგებლობის მსურველი ხვდება
საკრებულოს წევრებს. რადგან მე თუ არ გადამაყენეს,
მე მას არ ვნიშნავ გამგებლად. საკრებულოს ერთ-ერთი
წევრი პოლიციელებმა მანქანაში ჩაისვეს, ხოლო მეორის ოჯახის წევრი პოლიციაში დაიბარეს
და ამგვარად აშინებენ,“ - ამბობს საღარეიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე