ქუთაისელი გიგა ფურცხვანიძე თავისუფლებას ითხოვს
გლდანის #8 საპყრობილეში მყოფი პატიმრის, გიგა ფურცხვანიძის ოჯახის წევრები პატიმრის გათავისუფლებას ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მას ოპერაცია და მკურნალობა ესაჭიროება. აღნიშნული მოთხოვნა ფურცხვანიძის ოჯახის წევრებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან გააჟღერეს.
გიგა ფურცხვანიძის დეიდის, თინათინ ფერაძის თქმით, სამი წლის წინ მისი დისშვილი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, პოლიციელებმა დაიჭირეს და თბილისში გადაიყვანეს, სადაც სცემეს. ფერაძის თქმით, ფურცხვანიძის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა.
„შემდეგ ნეკნები ჩაემტვრა, რაც არასწორად შეუხორცდა და ხერხელმალზე საოპერაციო არის. აქვს სუნთქვის უკმარისობა.
ცემის შემდეგ ხუთი დღე მორგში ჰყავდათ მიცვალებულებთან გადაყვანილი და მკვდრად გამოაცხადეს. მაგაზე მძიმე დანაშულში ბრალდებული პირები გამოუშვეს გარეთ. გაათავისუფლონ ან სასჯელი გადაუვადონ რომ გარეთ იმკურნალოს,“ - ამბობს თინათინ ფერაძე.
29 წლის გიგა ფურცხვანიძეს 11 წელი აქვს მისჯილი. მისი ახლობლების განცხადებით, ფურცხვანიძის დაჭერის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მას მეზობელმა სთხოვა, "ფული მაქვს ასაღები, მე არ მაძლევენ და იქნებ შენ როგორმე დამეხმაროო".
„თვითონ რაც აწყობდათ ის ჩაუწერეს ბრალდებაში. ატყუებდნენ,
რომ მალე გაათავისუფლებდნენ და ახლა უარი მივიღეთ.
ვითხოვთ დახმარებას. ეს ადამიანი გამოუშვან, ციხეში მისი ყოფნა არ შეიძლება. ჩემი დისშვილი
მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს, რაც მისთვის დამღუპველია. ეს ბიჭი გლდანის საავადმყოფოში კვდება. გამოუშვან და სახლში მაინც მოკვდეს,“ - ამბობს
თინათინ ფერაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე