რაზე იხარჯებოდა თავდაცვისათვის განკუთვნილი მილიონები?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების მინისტრებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდათ ჯარისაკცებისა და ოფიცრების მიმართ. შესაბამისად, როგორც სესიაშვილი ამბობს, თავდაცვისათვის განკუთვნილი კოლოსალური თანხები ჩინოვნიკების პრემიებსა და კაბინეტების მოწყობაზე იხარჯებოდა.
„2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით 40 მილიონზე მეტი იქნა გაცემული პრემიების სახით. მე პრემიების აღების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არსებობს იმ შენობების ჩამონგრევის რისკი, სადაც ჯარისკაცები არიან, პრემიების გაცემა სრული უპასუხისმგებლობაა. სასწრაფო წესით, 738 000 ლარია გაცემული პრემიის სახით იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო,“ - ამბობს სესიაშვილი.
დეპუტატის თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული.
„მათ შორი ჩემმა კოლეგებმა აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმაც მიიღო საჩუქრად იარაღი. ასევე, ამ სიაში მოხვდნენ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის შოუს“ მსახიობები. თქვენგან პატრიოტად წოდებულმა ბაჩო ახალაიამ 440 000 ლარი გადაიხადა "მინივენ"–ში, სადაც "ფლეისთეიშენის" მოწყობილობაა. ამას წარსულის შეხსენებისათვის ვამბობ და დეპუტატებს სამხედრო ნაწილების მონახულებისაკენ მოვუწოდებ,“ - ამბობს სესიაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე