|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტები სამინისტროს ვერდიქტის მოლოდინში

2013 წელს ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ბედს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტს.

დღეს, ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ის საპროექტო წინადადებები დაამტკიცეს, რომლებიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამინისტროში უნდა გააგზავნოს.

ნიკეას დასახლებაში გამყოფი ზოლის მოწყობის სამუშაოები, თაბუკაშვილის  ქუჩისა და მისი  შიდა კვარტალური გზების რეაბილიტააცია, გამსახურდიას ქუჩაზე (კლინიკურ საავადმყოფოსთან) შიდა კვარტალუირი გზების მოწესრიგება,  ქალაქში არსებული მაწანწალა ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობა,  მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია, გუმათის დასახლებაში კანალიზაციისა და ხარებავას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქუთაისის მერიამ შეიმუშავა.

ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობა უწყებაში 27 მილიონი ლარის ღირებულების 13 პროექტს აგზავნის.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრომ მიმდინარე წელს პროექტების დაფინანსების წესი შეცცვალა. ამ დრომდე თუ ქალაქის საკრებულო პროექტების პრიორიტეტებს განსაზღვრავდა და  შემდეგ სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერით ხორციელდებოდა, ამ ეტაპზე მერიამ სამინისტროში გაგზავნილი  თითოეული პროექტის ხარჯთაღრიცხვა და  მისი განხორციელების საჭიროება უნდა დასაბუთოს.

„ფაქტობრივად გრანტის მოსაპოვებლად ვიბრძვით. კეთილმოწყობის სამსახურის ბიუჯეტი მიმდინარე წელს დაახლოებით 10 მილიონია. ამ თანხით პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ჩვენ პროექტების შემუშავებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ სამინისტროს მოთხოვნები. იმედია 27 მილიონიდან 15 ან 20 მილიონს მაინც წამოვიღებთ,“ – ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების მიღების ვადა დღეს იწურება. ამის შემდეგ სამთავრობო კომისია შემოსული საპროექტო წინადადებების განხილვას დაიწყებს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კი მიმდინარე წელს 200 მილიონს შეადგენს.      

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა