იმერეთში დევნილებისთვის ბინების დანაწილება დაიწყება
წყალტუბოში, ქუთაისში, ტყიბულსა და სამტრედიაში დევნილი ოჯახებისთვის ფართების დანაწილება იწყება.
იმერეთის რეგიონში 205 საცხოვრებელი ბინა სულ 205 დევნილ ოჯახს უნდა გადაეცეს.
ფართების მისაღებად, დევნილებმა განცხადების შეტანა სამინისტროს ადგილობრივ სამმართველოში ხვალიდან უნდა დაიწყონ.
"ტყიბულში უახლოეს პერიოდში მზად იქნება 35 ბინიანი საცხოვრებელი სახლი; სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე გვექნება 84 ბინიანი საცხოვრებელი სახლი; წყალტუბოში - ორი ობიექტი: ერისთავის ქუჩაზე 49 ბინიანი შენობა და ყოფილი „სტატისტიკის შენობა“ 17 ოჯახისათვის. ასევე, ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე 20 ბინიანი საცხოვრებელი სახლი," – აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროში.
ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბინების განაწილების კრიტერიუმი, ქულათა სისტემა იქნება. შესაბამისად, უპირატესობა იმ დევნილთა ოჯახებს მიენიჭება, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
"არ გამოვრიცხავ, გარკვეული წინააღმდეგობები შეგვხვდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დევნილებს, იმერეთის რეგიონში, რომლებსაც სახელმწიფოსგან 19 წლის მანძილზე არაფერი მიუღიათ, საცხოვრებელი ბინები აბსოლუტურად სამართლიან და გამჭირვალე პირობებში დაუნაწილდებათ,“– განმარტავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე.
სამინისტროს ინფორმაციით, განცხადების წარდგენისას დევნილებს მონაცემთა აღნუსხვაში სამინისტროდან ქუთაისის სამმართველოში მივლინებული სპეციალისტები დაეხმარებიან.
განცხადებების მიღება ერთი თვის მანძილზე
გაგრძელდება.
ავტორი: ანა ჯანაშია